
წიქორიძე – ქართული გვარი
ფუძე: გვარსახელის ფუძეში დევს მამაკაცის მეტსახელი “წიქორ”.
ამავე ძირისაა კოლხური გვარსახელი წიქორია.
ძირი: წიქორიძე ერთძირიანი გვარია.
ბუდე: გვარის განსახლების არეალის და სიმჭიდროვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი ბუდე-პირველსაცხოვრისი იმერეთში, ბაღდათის მხარეში ჩანს.
შთამომავლობა: წიქორიძე გლეხური გვარია.
ხსენება: XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიებში წიქორიძენი იხსენიებიან იმერეთის შემდეგ სოფლებში: გეგუთში (სასულიერო წოდებისანი), სადემეტრაოში (საეკლესიო გლეხნი) და ჭყვიშში (საეკლესიო გლეხნი). აღსანიშნავია, რომ ჭყვიშელი და სადემეტრაოელი წიქორიძენი იმხანად წიქორაძეებად იწერებოდნენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეს იმერეთში მცხოვრები წიქორიძენი და წიქორაძენი საერთო წარმომავლობის ხალხია.
მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის წიქორიძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში.
საკუთვნო: “წიქორიძეების უბანი” – უბანი ბაღდათის რაიონის სოფელ სადემეტრაოში, ამავე სოფელში არის “წიქორიძეების წისქვილი” და “წიქორიძეების წყარო”. “წიქორიძისოული” – ვენახი წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში, “წიქორიძის ვაკე” – მინდორი ბაღდათის რაიონის სოფელ შუბანში, “წიქორიძის მინდორი” – საძოვარი ბაღდათის რაიონის სოფელ წყალთაშუაში.
განსახლება: ამჟამად წიქორიძეები ცხოვრობენ ძირითადად ბაღდათის რაიონის სოფლებში, მცირე რაოდენობით – წყალტუბოს, ზესტაფონის, ოზურგეთის, ხაშურის რაიონის სოფლებში. ქუთაისში – წიქორიძეთა დაახლოებით 100 კომლი, თბილისში კი დაახლოებით 20 კომლი ცხოვრობს.
ოდენობა: საქართველოში წიქორიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 850-ს აჭარბებს. ამას ემატება დაახლოებით 200 სული წიქორაძე.
ღმერთმა ამრავლოს წიქორიძე-წიქორაძეთა გვარი!