
შენგელაია – ქართული გვარები
“შენგელაია” – ეპონიმური ტიპის გვარსახელია, მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი – “შენგელი”.
“შენგელ”-ი, მამაკაცის ქართული, არაქრისტიანული, საკუთარი სახელია. ქართულ ანთროპონიმიკაში “შენგელ”-ფუზიანი დერივატული გვარსახელებია: შენგელი, შენგელიძე, შენგელაია და შენგელია. საუბარია მხოლოდ გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა შორის სისხლით ნათესაობაზე.
დაბოლოვების მიხედვით “შენგელია” – კოლხური ფორმის გვარსახელია. გვარმოდენილობითაც შენგელიები კოლხები ანუ ეხლანდელი ნომინაციით მეგრელები არიან.
შენგელიათა განსახლების და თავმოყრის არეალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი გვარმოდენილობის ბუდე-პირველსაცხოვრისი, ზემო სამეგრელოში, ხობისწყლის ხეობაში უნდა ვივარაუდოთ. ამ მხარეში, სოფლებში: ჭოღაში, ხაბუმეში და სხვა. დღესაც მრავლად ცხოვრობენ შენგელიათა გვარის წარმომადგენლები, ამასვე ადასტრუებს სოფელ ჭოღაში მიკროტოპონიმ “ლეშენგელიეს” არსებობა.
სოციალური წარმომავლობით შენგელიები გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ.
მარტვილის ხატის დაუთარიღებელ წარწერაში იხსენიება სოფელ ჭაქვინჯში (ჯაქვიჯი) დასახლებული და მეჯოგედ დაყენებული ვინმე გომართი შენგელია. ეს შენგელია საეკლესიო გლეხი ყოიფლა. სამეგრელოს სამთავროს ისტორიულ საბუთებში, შენგელიები ხობისწყლის ზემოწელზე, საუფლისწულო “სამანჩოს” მამულებში, ბატონიშვილ-დადიანთა ყმა-გლეხებად ჩანან.
სენგელიები ადრევე მრავალრიცხოვანი გვარი ყოფილა. დროთა განმავლობაში ისინი ზემო სამეგრელოდან სამურზაყანოში, გალის მხარეს და ქვემო სამეგრელოში: ხობის, სენაკის, აბაშის მხარესაც დამკვიდრებულან.
ქვემო სამეგრელოდან და სამანჩოდან შენეგლიები ვაკე-იმერეთში და საჯავახო-საჩიჯავაძოს მხარეში განსახლდნენ. იმერეთის სამეფოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიულ საბუთებში შენგელიები ჩანან თავად მიქელაძეთა და თავად ჩხეიძეთა მამულებში. ვაკე-იმერეთის სოფელ პატარა ეწერია, საჯვაროს წმინდა ელიას ეკლესიის უკანასკნელი მღვდელი პავლე შენგელია ყოიფლა.
უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედიის მხარეში, სადაც შენგელიები უფრო მეტნი არიან, ვიდრე დანარჩენ იმერეთში ერთად, შენგელიების ნაწილი, ზემო სამეგრელოს სოფელ ობუჯიდან მოსული აზნაური შენგელიები არიან ძირად. ისინი ამჟამად შენგელიებად იწერებიან. მაგრამ სალოცავად ისევ ობუჯში დაიარებიან და თავისი სოციალური წარმომავლობაც “ბატონები ვიყავითო”, მშვენივრად ახსოვთ.
ბუნებრივი გამრაველბის შედეგად, შენგელიათა მრავალრიცხოვანი გვარი ახალ ტერიტორიებზე განსახლებულა. ქვემოსამეგრელოდან და ვაკე-იმერეთიდან შენგელიები გურიაში შესახლებულან, ხოლო სამანჩო-საჩინო-სამურზაყანოდან აფშილეთში, აბაზგეთში და ჯიქეთში გადასულან.
ღმერთისა და საქართველოსთვისაც და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის, შენგელიათა გვარის მეომრები კომლზე კაცად გადმოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის პირველ, მოწინავე სადროშოში და მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ.
ამჟამად შენგელიები ცხოვრობენ ჩხოროწყუს რაიონის სოფლებში (დაახ. 520 კომლი), წალენჯიხის მხარეს (დაახ. 90 კომლი), ზუგდიდში და ზუგდიდის სოფლებში, მათ შორუს ლტოლვილები (დაახ. 650 კომლი), სენაკის მხარეს (90 კომლი), აბაშის მხარეს (40 კომლი), სამტრედიის მხარეს (460) კომლი), ვანის მხარეს (70 კომლი) და სხვა. შენგელიები არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.
თბილისში შენგელიათა დაახლოებით 630 კომლია. ისინი სხვადასხვა დროს ოდიშ-სამურზაყანოდან, აფხაზეთიდან, იმერეთიდან და გურიიდან არიან ჩამოსულნი.
საქართველოში შენგელიათა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 12770 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამარავლოს გვარი შენგელიათა.