
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – გაზაფხულის იისფერო მზერავ ..
გაზაფხულის იისფერო მზერავ,
ველებს მზიანს თუ ხეების ჩრდილოს –
გულ-წარმტაცი ფერადებით ფერავ –
ვით მხატვარი თვალუწვდენელ ტილოს.
მილივლივებს ყვავილების ფენა
და შვენებას გასაოცარ ცქერის,
რასაც ჩემი ვერ გამოთქვამს ენა,
მას ბულბული უნაზესი მღერის.
ო, გადამრევს მგოსანს იგი მღერა –
სიყვარულის მომცემელო სრულის –
გაზაფხულის იისფერო მზერავ,
მწველო ჩემის შეზამთრული გულის!
უნაპირო ლაჟვარდია ზემოდ
და ის მიწას უვლის ცერა-ცერა –
მაისის მზევ და დროშებო ჩემო,
გაზაფხულის იისფერო მზერავ!