პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მიჰქრიან ზვირთნი მოგონებათა ..

მიჰქრიან ზვირთნი მოგონებათა,
უუნაგირო და ულაგამო,
რაც მაბადია და რაც მებადა:
მოგონებაა – შორი საღამო.

აღტაცებანი გვწყუროდა თანა,
სულით მაღალი და ჯანსაღ-ამო.
ახალგაზრდობის იყო ის ხანა,
ის მშვენიერი იყო საღამო.

რა ვაჟკაცი ხარ, თუ არ გახსოვდეს –
სიტყვა და საქმე შეასაბამო.
არ დაგავიწყდეს შენ არასოდეს:
საღამო ზღვაზე, წყნარი საღამო.

არ დაშვებულა ჯერ კიდევ ფარდა
და გულიც სცოცხლობს სულ იმის გამო,
რომ ჩვენ სამშობლო გვიყვარს, გვიყვარდა –
ჯერ არ დამდგარა მისი საღამო.

როს მეგობრები შევხვდით ერთმანეთს,
შორი, ვრცელი და დაუსაბამო,
გაყრისა ჟამი ჰქონდათ ზღვას და მზეს,
მხნე, მშვენიერი იყო საღამო.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button