
გალაკტიონ ტაბიძე – მე მესიზმრება
მე მესიზმრება რაღაც არაჩვეულებრივი,
რაღაც სპეტაკი და უმწიკვლო, როგორც ცის ვნება,
ჰაეროვანი – როგორც სიოს ნელი ალერსი,
მსუბუქი – როგორც გაზაფხულის დღეთა შვენება.
მე მესიზმრება ქვეყნისაგან განშორებული
მხურვალე ლოცვით დაქანცული ქალწულთა კრება,
და თვალთა ცქერა სათნოებით, ლმობით აღვსილი –
მე მესიზმრება.
მე მესიზმრება რაღაც წმინდა, შორი ქვეყანა,
სადღაც, ოდესღაც ზმანებული, ერთხელ ნახული,
მე მესიზმრება ანგელოსთა ციური ნანა,
ღამის დუმილში ჩაქსოვილი და ჩასახული.
ტკბილი ოცნება გამიტაცებს ვით სიზმარ-ცხადი,
მკრთალი სინათლით სევდის ნისლი მიდის და ჰქრება…
და რაღაც წმინდა, შორეული, უცხო ქვეყანა –
მე მესიზმრება.
მე მესიზმრება უხმო ძილი, სამარადჟამო,
ირგვლივ ბინდ-ბუნდი და დუმილი დაურღვეველი,
მესმის, არც მესმის ქვეყნიურთა ვნებათ ძახილი,
თუ ეს სიოზე თრთის, შრიალებს მწვანე ტყე-ველი?
თუ ეს ზღვის ზვირთთა სიმღერაა, უცებ რომ სცხრება?
და ტკბილი ძილი, სამუდამო, დაურღვეველი –
მე მესიზმრება.