პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – თვალუწვდენელი, დაუსაბამო

თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო,
ჩუმი, მყუდრო და სევდიანი იყო საღამო.
თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავსად მზის მღვრიე რგოლი,
ღრუბელთა შორის ინთქებოდა სხივანათრთოლი.
ლურჯი ბურუსით იხვეოდა ხშირი ტყე-ველი,
კვლავ მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
ამ დროს მომესმა სევდიანი სიმღერა გზაზე,
გზაზე მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე,
გადაიარა ჩემთა თვალწინ და მიიმალა,
სამარადისოდ გაურღვევი აღმიძრა ძალა.
მე მივდიოდი მარტოდმარტო სევდიან გზაზე,
მე ისევ ისე ვოცნებობდი იმ ქვეყანაზე.
ლურჯი ბურუსით ინთქებოდა ხშირი ტყე-ველი
და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button