პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – აქ ხილულ ოცნებას

აქ ხილულ ოცნებას
თან სდევენ ჯადონი,
თოლია ქორსა ცვლის,
არწივს – იადონი.
ორ საწყისს ინახავს
ახალი ათონი, –
აქ გული მონაა
და თანაც ბატონი.
აქ მუხა შრიალებს,
იქ ზეთისხილია,
თუ ზღვის და ზღვის პირის
მძაფრი ჭიდილია –
გზნებასთან მზის ჩასვლის
ჰყვავის იდილია, –
აქ გული მონაა
და თანაც ბატონი.
უწესო აყრუებს
უბადლო ზრდილობას.
ბუკის ხმა ზღვის პირას
თუ იწვევს ყრილობას,
მეომარს ჩონგური
უამებს ჭრილობას, –
აქ გული მონაა
და თანაც ბატონი.
ომსა ცვლის მშვიდობა
და ნგრევას – შენება,
სიტლანქეს სულისას
ცვლის სულის მშვენება,
წყალს – ღვინო, დღეს – ღამე,
სიცხადეს – ჩვენება, –
აქ გული მონაა
და თანაც ბატონი…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button