![გალაკტიონ ტაბიძე – ახალი წელი ..](/wp-content/uploads/2025/02/გალაკტიონ-ტაბიძე--ახალი-წელი-...jpg)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ახალი წელი ..
ციკლიდან „პაციფიზმი“
ახალი წელი. ვთქვათ ლონდონი
ან ვთქვათ ბერლინი.
ალბად დღიურში ამგვარ ტონით
სწერს ჩემბერლენი:
დღეს ათასცხრაას ოცდაათის
პირველი შუქი
მოაწყდა სარკმელს და კედლებზე
დაღვარა ლუქი.
ახალი წელი. – გავიფიქრე –
ახალი წელი.
თითქო კედელთან დამენახოს
სიკვდილის ცელი,
ხელში ავიღე გაზეთი და…
ისევ დავდევი…
რომ ის რიგზეა – რომელია
ამის თავდები?
გაოცებას ვარ – ვით ითმენენ
დაცინვას ასეთს!
დიდი ხანია, რაც მე ხელში
არ ვიღებ გაზეთს.
რაღაც მწარე და საოცარნი
ხმანი ისმიან…
არა… ჩვენი ხსნა ერთადერთი,
პაციფიზმია!