პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – გულთა კავშირი

ხედავ, გაშლილი
სივრცეა წინა –
წარსულს იგონებს
ზვირთთ ოხვრა ხშირი:
„სხვადასხვა ჭირმა
წაისისინა
და მიაძინა
გულთა კავშირი“.

სად შეაჩერა
მერანმა ფრენა?
სად შთაესვენა
ბარათაშვილი?..
მესმის, ვით მაშინ,
მზიურთა ენა:
„სადაც ესვენა
გულთა კავშირი“.

ეს წინად იყო,
ოდეს მრავალი
სამშობლოს ჩვენსას
ჩაგრავდა ჭირი.
დღეს მქუხარეა
ხმა აღმავალი:
გულთა კავშირი,
გულთა კავშირი!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button