
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – დიდად მჭერმეტყველობენ ..
დიდად მჭერმეტყველობენ,
მაგრამ დიდად ცდებიან:
გვითხარითო, წარსული
აწ რა კაპიტალია?
მაგრამ მკვდრები იგრძნობენ,
მკვდრები წამოდგებიან,
და წამოვლენ, წამოვლენ,
როგორც ზღვა ან კალია.
იგი მამა და პაპა,
პაპის პაპა, ბებია –
ყველა გამძაფრებული
რისხვა და გრიგალია.
აბა, მაშინ კი – თავი
რომელს მოსძულებია,
რომ არა თქვას: ვცდებოდით, –
უგონობის ბრალია…