
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ზღვაზე
საბრალო ნავი!
როგორც კლდის ზვავი
გულ-შემზარავი,
ტალღა შეასკდა იმის სუსტ ნაპირს…
ტალღას გადაყვა..
და ვით სიპი ქვა
დაეშვა.. წაყვა
დაუსრულებელ კვნესა-გასაჭირს..
ეგრე ამ ჩემს გულს,
სიცოცხლით გზნებულს,
ტრფობით ანთებულს,
(გულს აძგერებულს),
მოხვდა ეგ სიტყვა სასტიკი, მწარე,
სიმშვიდით, წყნარად
შავი სუდარა
გადამეფარა..
ოჰ, რა რიგ ღრმაა ჩემი სამარე.