პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ეროვნებათა მარში

ჩვენ ერთი ვართ, თუმც სხვადასხვა
გვქვია სახელი,
ჩვენ ერთი ვართ, ქართველი თუ
ყარაბახელი.
სოლიდარულ დროშის ქვეშ სდგას
ბევრის ამტანი,
ადერბაიჯან,
საქართველო,
ჰაიასტანი!
პაპის-პაპას ძველისძველი
ჰქონდა გაგება:
შეტაკება, შურისგების
პაპანაქება;
მოანათა ოქტომბერმა
მზიანი მიზნით,
შოვინიზმი გადალახა
რა ლენინიზმით,
გადალეკა სისხლიანი
ღობე-მესერი –
ძველ რუსეთის ნაცვლად ბრწყინავს
რესეფესერი.
ჩვენს კავშირში სხვაგვარია
ომის ბაცილა,
რაც ევროპამ თავის ქვეყნებს
ვერ მოაცილა.
იქ ყოველი ცის ნაფლეთი
ტყვიის ფერია,
ცხენოსანთა ბორგავს ჯარი,
არტილერია;
აქ აფუძნებს სოციალიზმს
საქმე სართველო,
ტაჯიკია, თურქმენია
თუ საქართველო.
იქ გაზების ეშვებიან
შავი შვავები,
ყუმბარებით დატვირთულან
თვითმფრინავები.
ნაღმების ხმამ ზღვად გემები
არივ-დარია,
მაგრამ თუ იქ დარბეული
ციციკარია,
აქ მეორე ხუთწლედი დგას
და ჭარბი ჯარი,
უკრაინა, საქართველო,
ადერბაიჯანი.
იქ რომელი რომელსა სძლევს –
ცხადზე ცხადია:
კლასიური ომების გზა
გზად ნაცადია.
იარაღით შებრუნდება
მტრების ჯიგარი,
რომ აენთოს ცისკარივით
ის ციციკარი.
აი რა დროს ნატრობენ დღეს
ველნი და მთანი,
ბელორუსია, უკრაინა,
უზბეკისტანი.
სოლიდარულ წინმსვლელობის
საქმე რითია
უძლეველი? ამის მტკიცე
მაგალითია –
ეს ამიერ-კავკასია
ძმური, გამტანი,
ადერბაიჯანი, საქართველო,
ჰაიასტანი.
ვაშა დიად სოციალიზმს,
აქ რომ შენდება!
გვჯერა: ძლიერ კომუნიზმის
დღე გათენდება!
ერთი დიდი იდეაა
შვების მომბერი,
მთელ მსოფლიოს – რომ მსოფლიო
სძლევს ოქტომბერი!!!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button