პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ვარ გენია რიმანელი
ვარ გენია რიმანელი,
მესმის ქართა მქუხარება,
მეფინება წვიმა ნელი
და დემონის მწუხარება.
დავიწყებულ სიმების გვარ
ფერით ოხრავს ვილანელი,
მე მდუმარე გენია ვარ…
და გენია რიმანელი.
ყრუდ ვუსმენდი ლიუციფერს,
ის ბრძოლაში მივანელე,
ვგმობ სამარეს და სიბერეს
მე, გენია რიმანელი.
ვარ გენია რიმანელი,
მესმის გულთა მქუხარება –
მეფინება წვიმა ნელი
და დიდების მწუხარება.