
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ვესპერი
მე არაერთხელ მინახავს,
თუ როგორ ფერობს ეს ფერი,
საღამოს ზღვაზე, როდესაც
გამოსცურდება ვესპერი.
გამოსცურდება, ინათებს
და ისევ ისე გაჰქრება.
ვესპერი – ჩემი სიცოცხლის,
ოცნებად გამინანქრება.
ბილიკიც სხვანაირია
ტბაზე დახრილი ძეწნების,
ვესპერი, გარე ყველაფერს
სარკეში გადაეწნების.
ასე: შეხვდები, შეგხვდება:
ხსოვნას კი გული ინახავს:
მე არაერთხელ მიგრძვნია,
მე არაერთხელ მინახავს.