
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მასთან ბრძოლა
როგორა სწოვს ცოცხალ ბაგეს
მახრჩობელი იგი ჩრდილი,
შეუშფოთდა მოქალაქეს
სიცხადე და ღამის ძილი.
საზიზღარი! მისმა ჩრდილმა
დღე დაბინდა. მოსჩანს ზანტი,
უბოლოო კინო-ფილმა, –
მიხაკისფერ დღეთა ლანდი.
საწამლავით ხელში მოსულს,
მას სიკვდილი მისდევს მხლებლად,
ომს აჩაღებს ბარბაროსულს,
ხალხს ეკვეთა საწამებლად.
უნდა გაჰქრეს სიმწრის ღერი,
მძიმე სულის მძიმე ქროლა.
ეხლა არის ყველაფერი –
მასთან ბრძოლა, მხოლოდ ბრძოლა.