
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მე თვითონ ვიცი ჩემი ამბავი ..
მე თვითონ ვიცი ჩემი ამბავი:
სადმე, სხვა მხარეს –
ჩემი ლექსები დაუსტამბავი
ჰპოვებენ მთვარეს.
კარს გამიღებენ მე წინაპრები –
გიცდიდით. ვიცით.
ხომ მიატოვე ის ნაპირები,
ჩვენი სიმტკიცით?
მომეგებება არაგვის პირი
და ხმა ძლიერი –
შენ, გალაკტიონ, კაცი ხარ გმირი
და ნიჭიერი.
შენ, ქვეყანაზე ბევრი იწვალე,
საწყალო, რია.
გარდაიცვალე, გარდაიცვალე,
არაფერია.