უფლისციხე
კლდეში ნაკვეთი ქალაქი წარმოადგენს ქართული კულტურის უნიკალურ ძეგლს, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი მდებარეობს გორის აღმოსავლეთით 10 კმ-ზე მტკვრის მარცხენა ნაპირას. ძეგლის ისტორია იწყება ძვ. წ. აღ. II-I ათასწლეულების მიჯნიდან. ძვ. წ. IV – ახ. წ. IV ს.ს. იგი იყო ქვეყნის უძლიერესი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. თითქმის პირვანდელი სახით არის შემორჩენილი ქალაქის იმდროინდელი მწყობრი ურბანული სტრუქტურა, დიდებული ტაძარი, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების კლდოვანი დარბაზები, საიდუმლო გვირაბები, ქუჩები და მოედნები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ბრწყინვალე სამკაულები, კერამიკის შესანიშნავი ნიმუშები. აქაა ნაპოვნი ახალგაზრდა ელეგანტური ქალის ქანდაკება, რომელიც ძვ.წ. IV-III საუკუნეთა მიჯნას განეკუთვნება და მეტყველებს უფლისციხის მჭიდრო ურთიერთობაზე ელინისტურ სამყაროსთან. უფლისციხეში აღმოჩენილი განძის გვერდით, იმავე სათავსოში აღმოჩნდა სხვადასხვა დიამეტრის ოთხი ბორბლის რკინის სალტეები. კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე მნახველის აღტაცებას იწვევს. კლდის ირგვლივ მდებარე მიწები ჯერ კიდევ ადრე ბრინჯაოს ხანიდან ყოფილა დასახლებული. უფლისციხე, კლდეში ნაკვეთი ქალაქი, რომელიც უხსოვარი დროიდან ბევრ საინტერესო ამბავს ინახავს, დღეს როგორც მუზეუმ-ნაკრძალი, მრავალ დამთვალიერებელს ისტუმრებს.