მოგზაურობასაქართველო

ატენის სიონი

 ატენის სიონის ტაძარი გორიდან 12 კილომეტრზე მდებარეობს, მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კედელზე. თარიღდება VII საუკუნის I ნახევრით. ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანია. იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურას და ფორმებს, თუმცა

      რამდენადმე შეცვლილი პროპორცია აქვს. ტაძრის გეგმის საფუძველია ჯვარი, რომლის აფსიდიან დაბოლოებებს შორის მოთავსებულია ოთხი საკანი. ჯვრის შიდა მკლავების გადამკვეთ ცენტრალურ სივრცეზე გუმბათია აღმართული. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენიებულნი არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც. ისინი მდიდარ მასალას გვაძლევენ საქართველოს ისტორიის, კულტურის, ენისა და პალეოგრაფიის მთელი რიგი საკითხების კვლევისათვის. ატენის სიონის ინტერიერში, რესტავრაციისას ქვის ზედაპირზე გამოვლინდა უძველესი დეკორის ფრაგმენტები. ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოიხატა XI საუკუნის II ნახევარში. წერის მანერის და ტექნიკური ხერხების მიხედვით გაირჩევა რამდენიმე მხატვრის ხელი. მიუხედავად ამისა, მხატვრობის იკონოგრაფიული და მხატვრული ჩანაფიქრი ერთიანია. მოხატულობის იკონოგრაფიული სქემა ძველ ქართულ ტრადიციას მისდევს და ნაწილობრივ იმითაც განისაზღვრება, რომ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა. ატენის სიონის ტაძარი საპატრიარქოს მფლობელობაშია და გააჩნია ძეგლის სტატუსი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button