მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის პლანეტები, რომლებიც ძვირფასი ქვებისგან შედგება
დედამიწა მდიდარია ძვირფასი ქვებით, თუმცა შორეული პლანეტების ძვირფასეულობასთან შედარებით მისი რესურსები უმნიშვნელოა. სწორედ ასეთი „საგანძურის კიდობნები“ იპოვეს შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. ისინი თვლიან, რომ აღმოჩენილი პლანეტების განლაგება და შემადგენლობა საუკეთესო ხელშემწყობი ფაქტორებია, რათა მათზე ადვილად განვითარდეს ძვირფასი ქმნილებები, მაგალითად, საფირონები და რუბინები.
ამჟამად მეცნიერებმა ჯერჯერობით მხოლოდ სამი პლანეტა აღმოაჩინეს, რომლებზეც უამრავი ძვირფასი ქვა მოიპოვება. პირველი მათგანის სახელწოდებაა HD 219134 b და დედამიწისგან 21 სინათლის წელიწადითაა დაშორებული. იგი კასიოპეას თანავარსკვლავედში მდებარეობს. მეორე პლანეტას ეწოდება 55 Cancri და მისგან 41 სინათლის წელიწადი გვაშორებს. მესამე – WASP-47 – ყველაზე შორსაა: მასთან მისაღწევად 870 სინათლის წელიწადია საჭირო.
პლანეტები ფორმირებულია მტვრისა და აირებისგან, რომლებიც ელექტროსტატიკური ენერგიისგან შეგროვდა. ნაწილაკები გროვდებოდა მანამდე, სანამ არ შეიძინეს ძალა – მიეზიდათ უფრო მსხვილი ნაწილაკები სრულფასოვან პლანეტად ჩამოყალიბებისთვის. შემდეგ მათზე განვითარდა ისეთი ელემენტები, როგორებიცაა სილიკონი, რკინა და მაგნიუმი.
სამივე პლანეტა დიდი რაოდენობით ლითონებისა და მათი ნაერთებისაგან შედგება. ეს პლანეტები განსხვავებულია იმით, რომ ისინი მოძრაობენ თავიანთი განვითარების ადგილის ირგვლივ და მზის სისტემის პლანეტებისაგან რადიკალურად განსხვავებული შემადგენლობა გააჩნიათ. მაგალითად, დედამიწის ბირთვი შედგება რკინა-ნიკელის ნადნობისგან, ამ პლანეტების ბირთვები კი მდიდარია კალციუმითა და ალუმინით. ეს ფაქტი ბევრად ზრდის იმის ალბათობას, რომ მათზე მრავლადაა საფირონები და რუბინები, რომლებიც ალუმინის ოქსიდისგან ფორმირდება.
ამ პლანეტების შემადგენლობის განსხვავებულობა კომპიუტერული მოდელირებით დადასტურდა, რომელსაც ახორციელებდა ასტროფიზიკოსების გუნდი. კვლევამ აჩვენა, რომ პლანეტების სიმჭიდროვე 10-20%-ით ნაკლებია დედამიწისაზე, პლანეტები – 55 Cancri e და Wasp-47 კი იმდენად ცხელია, რომ მათი ატმოსფერო უბრალოდ დაიწვა. აგრეთვე გაჩნდა ვარაუდი, რომ HD 219134 b ლურჯ-წითლად იმიტომ ანათებს, რომ მასზე დიდი რაოდენობით ძვირფასი ქვებია.
ვარაუდი, რომ 55 Cancri e უზარმაზარ ალმასს ჰგავს, ჯერ კიდევ 2012 წელს გაჟღერდა ჟურნალში – Astrophysical Journal Letters. ითვლებოდა, რომ ძვირფასეულობა ჩამოყალიბდა სილიკონის კარბიდის, სილიკატებისა და მასიური რკინის ბირთვის ნახშირბადთან ურთიერთქმედების შედეგად. თუმცა შემდგომმა კვლევებმა არ დაადასტურა მასში ნახშირბადის არსებობა.