ისტორიასაკითხავი

პიგმალიონი

ძველი დროის მხატვარ–მოქანდაკეთა შორის პიგმალიონს მეტად საპატიო ადგილი ეჭირა. დიდებული მხატვრის სამშობლო კუნძულ კვიპროსის მკვიდრნი, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი ყველანი განცვიფრებაში მოდიოდნენ პიგმალიონის ნიჭითა და ხელოვნებით. მხატვარი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მაგრამ მისი ხელოვნური ნაწარმოებნი კიდით–კიდემდე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. ახალგაზრდა მხატვრის თითოეულ ნაწარმოებს ერთიორად ჰმატებდა ღირსებას შინაგანი და გარეგანი სილამაზის ხელოვნურად შეკავშირება. ყველგან და ყველაფერში დიდდებული მხატვარი საჭიროდ თვლიდა შინაგანი და გარეგანი სიმშვენიერის ჰარმონიულად შეზავება– შეკავშირებას. მხატვრის სწორედ ასეთი შეხედულებით აიხსნებოდა ის გარემოება, რომ ახალგაზრდა პიგმალიონს კიპროსის მკვიდრთა ქალიშვილებს შორის მეუღლეც კი ვერ მოეძებნა: სილამაზე–სიმშვენიერის თაყვანისმცემელს კიპროსის მოკვდავ ქალებს შორის ვერცერთი ლამაზად ვერ დაესახა. ერთხელ დიდებულმა მხატვარმა სპილოს თეთრი ძვლებისაგან გამოაქანდაკა ისეთი სილამაზით შემკული ახალგაზრდა ქალი, რომლის მსგავსი მთელს დედამიწის ზურგს არასოდეს, არასოდეს არ მოვლინებია. ძნელია კალმით ახალგაზრდა ქალის ქანდაკების სილამაზე– სიმშვენიერისა. თითოეული მნახველი, კაცი თუ ქალი, განცვიფრებით შეჰყურებდა ახალგაზრდა ქალის ქანდაკებას და ასე ეგონა, აი, საცაა ხმას ამოიღებს ეს უმშვენიერესი ქმნილება და თავისი ადგილიდან დაიძვრისო. თითოეული მნახველი უხმოდ, უსიტყვოდ იდგა ქანდაკების წინაშე და ერთ წუთსაც თვალს ვერ აშორებდა დიდებული ნაწარმოების დიად სიმშვენიერეს. ახალგაზრდა ქალის სურათი ისე ცხოველმყოფელი, ისე თვალისა და გულის წარმტაცი იყო, რომ სრულიად გავიწყდებოდათ, უსულო ქანდაკებას შეჰყურებდით, თუ სიცოცხლითა და სიმშვენიერით აღსავსე ახალგაზრდა ქალს. თვით დიდებული მხატვარიც კი აღტაცებაში მოდიოდა თავისი ნაწარმოების სიმშვენიერით და განსაზღვრულად ტკბებოდა დიადი სურათის ცქერით. პიგმალიონი მთელი დღე გარს უვლიდა ახალგაზრდა ქალის ქანდაკებას და დროგამოშვებით ეჭვიც კი ებადებოდა, ცოცხალი ქალის სურათის ხილვით ტკბებოდა, თუ სპილოს ძვლებიდან გამოქანდაკებული უსულო ქმნილებით. მხატვარი დიდის მოკრძალებით შეეხო ახალგაზრდა ქალის ქანდაკებას და ასე ეგონა, თითქოს სპილოს ძვლების მაგივრად ხორცშესხმულ, სიცოცხლით და ძალღონით სავსე ახალგაზრდა ქალს ხელის შეხებით ეხმატკბილებოდა. მხატვრის აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა. პიგმალიონს ასე ეჩვენებოდა, თითქო ახალგაზრდა ქალი კიდევაც ტკბებოდა და ნაზად ესაუბრებოდა. პიგმალიონმა, ნიშნად ღრმა პატივისცემისა, უხვად შეამკო ახალგაზრდა ქალის ქანდაკება სხვადასხვა სურნელოვანი ყვავილითა და თაიგულებით. ძვირფასი მდიდრული ტანსაცმელით შემოსა ახალგაზრდა მხატვარმა ქანდაკების სხეული, ხელების თითები ერთიანად მოუჭედა ძვირფასთვლებიანი ბეჭდებით და ლამაზად მოღერებული ყელი კი ასეთივე თვლებით მოჭედილი ფარღულით. კუნძულ კვიპროსის ქუჩებს სადღესასწაულო სახე მიეღო. ყველანი მორთულ–მოკაზმულიყვნენ და ქალღმერთ აფროდიტეს საკურთხევლისაკენ მიეშურებოდნენ მსხვერპლის შესაწირად. კვიპროსელები ამ დღეს ქალღმერთ აფროდიტეს სახელწოდების დღეს დღესასწაულობდნენ. სხვა მრავალ მლოცველს შორის აფროდიტეს საკურთხევლის წინაშე პიგმალიონიც წარსდგა და მოკრძალებით, მაგრამ გულმხურვალედ შესთხოვა ქალღმერთს: „მოწყალეო ქალღმერთო! თუ ყოვლად შემძლებელი ღმერთი ხარ, მოიღე მოწყალება და ჩემს მეუღლედ დასახე ის ახალგაზრდა ქალი…“ – დიდებულ მხატვარს უნდოდა ეთქვა ცოლად დამისახე ის ქალი, რომელიც სპილოს ძვლებიდან გამოვაქანდაკეო, მაგრამ ამის გამოთქმა ვერ გაბედა. ბოლოს, როგორც იქნა, თუმცა დიდის გაჭირვებით, პიგმალიონმა ასე დაამთავრა თავისი გულწრფელი ვედრება: „ჩემს მეუღლედ დასახე ჩემი ქანდაკებისავე მსგავსი ქალი“. ქალღმერთმა აფროდიტემ შეისმინა პიგმალიონის გულმხურვალე ვედრება და ნიშნად თავისი ღვთაებრივი მოწყალებისა სამჯერ ააღვივა ცეცხლი საკურთხეველზე. მსხვერპლის შეწირვის შემდეგ დიდებული მხატვარი შინ დაბრუნდა. პიგმალიონი თვალმოუშორებლივ შესცქეროდა თავის სათაყვანო ახალგაზრდა ქალის საუცხოო ქანდაკებას და უსაზღვრო აღტაცებაში მოდიოდა. მაგრამ დახეთ საკვირველებას! სპილოს ძვლებისაგან გამოქანდაკებულ დიდებულ სურათს სხოველმყოფელი სხეული შეუსხამს, ახალგაზრდა ქალი ტკბილად, საოცნებო ხმით მიესალმა მხატვარს და ლმობიერად ხელი გაუწოდა. პიგმალიონს ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ მის წინაშე ხორცშესხმული ახალგაზრდა ქალი იდგა, იგი კიდევ ეჭვის თვალით შეჰყურებდა, ეგების თვალი მატყუებს და ვცდებიო. მაგრამ დახეთ პიგმალიონის აღტაცებას, როცა იგი ნამდვილად დარწმუნდა, რომ სრულებითაც არა ცდებოდა. დიდებულმა მხტვარმა ლმობიერადვე და მეგობრულად გაუწვდინა თავისი მადლიანი ხელი ახალგაზრდა ქალს და გულმხურვალედ შესთხოვა სამუდამოდ დამეგობრებოდა, განუსაზღვრელი და გულწრფელი სიყვარულის ნიადაგზე საფლავის კარამდე მჭიდროდ შეკავშირებულიყვნენ. დიახ, ნათქვამია, სული სულს იცნობს და გული გულსაო, და მართლაც ასე მოხდა. პიგმალიონმა სულ მოკლე ხანში დიდებული, ბრეყინვალე ქორწილი გააჩაღა. მრავალ მოპატიჟებულ სტუმარს შორის ქალღმერთს აფროდიტეს უპირველესი ადგილი ეჭირა. ყველანი დიდის აღტაცებით, დიდის პატივისცემით შეჰყურებდნენ ახალგაზრდა ქალის ბედნიერებას, ყველანი გულწრფელად ულოცავდნენ ახალგაზრდა მხატვარს ასეთ სიმშვენიერესთან სულიერად დაკავშირებას. დიახ! მეტად დიდებული და ბრწყინვალე იყო ეს ქორწილი. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ყველანი შესტრფოდნენ და შეჰხაროდნენ ახალგაზრდა ქალის სიმშვენიერეს, რადგან ეს მშვენიერება, ეს კალმით აუწერელი სილამაზე დიდებული მხატვრის დიადი ნიჭის მადლიანი ნაწარმოები იყო.

ელინური მითები

მოთხრობილი ალ. მიქაბერიძის მიერ

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button