ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – მხატვარი

წვრილ და გრძელ ფეხებზე შემდგარი, გამხდარი, კითხვის ნიშანივით ბეჭებში მოხრილი, წინ წაწეულ კისერზე მიდგმული პატარა თავით, სწორი, ჭაღარა თმით, გაუპარსავი წვერ-ულვაშით, კოჭებამდე ატაცებული შარვლით, საყელოსთან გამორღვეული ჯინსის ქურთუკით და იღლიაში ამოჩრილი ნახატით, ყოველდღე ნახავდით, ვარანცოვზე, დილით, მშრალი ხიდისკენ ლასლასით მიმავალს და საღამოს, იქიდან, კიდევ უფრო ლასლასით მომავალ მხატვარს.
მას, მშრალი ხიდის ქვეშ, მხატვრებში, ვერ შეამჩნევდით. არა, განა იქ არ იყო, მაგრამ მისი, მქრქალ ფერებში შესრულებული ნახატი, აქეთ-იქით გამოკიდებულ, ჭრელ-ჭრელ ნახატებში, ისევე იკარგებოდა, როგორც მათი მორიდებული მხატვარი, როხროხა და მარიფათიან, ნახატების გადამყიდველებში.
***
10 წლის იყო, პირველად, ძილში რომ ეწვია. მტრედი იყო, საწოლზე ჩამოუჯდა
– წამოდი, გავისეირნოთო! – უთხრა. არ შეშინებია. მტრედი გაიზარდა, გაიზარდა, ქეჩოში დაავლო კლანჭები და მაღლა აიტაცა. ღრუბლებში აიყვანა, ღრუბლის ქულაზე დასვა, ქვემოთ გადმოახედა
– ხედავ იმ სახლსო? – დაანახა აყვავებულ ტყემლებში ჩაფლული სახლი.
– ვხედავ, მაგრამ ღრუბლები მიშლის, მკვეთრად არ ჩანსო! – უპასუხა ბიჭმა.
– როგორც ხედავ, ისე დახატეო!
დილით თავის ლოგინში გაეღვიძა. წამოხტა, ფურცელი და ფანქარი იპოვნა და დაიწყო ხატვა. დახატა – სახლს, ტყემლებს, ღობეს, მინდორს, ტყეს – ნისლი გადაჰკვროდა. საღამოს პეიზაჟს ჰგავდა, ბობოქარი დღე რომ მიყუჩდება, ჭყეტელა ფერები ნელ-ნელა მინავლდება, გაფერმკრთალდება და ბოლოს შავ-თეთრში გადადის. უფერულებასაც ხომ აქვს თავისი ხიბლი. 256 გრადაცია თეთრსა და შავს შორის, თვალი რომ აღიქვამს და გონებაში ფერადი სურათის წარმოსახვის საშუალებას გიტოვებს. ნახატი იყო და თითქოს არც იყო, მაგრამ იყო მოლოდინი რაღაც დიდისა, გრანდიოზულისა, ნისლის გაბნევისა და კონტურების გამონათებისა – ეს იყო წარმოსახვა, მოძრაობა, დინამიკა – დაისში ჭვრეტა აისისა.
***
ხშირად მოდიოდა ღამით მტრედი, ზოგჯერ ორჯერაც. სულ უფრო და უფრო მაღლა აჰყავდა, მეტ სივრცეს აჩვენებდა, ნისლში სულ უფრო მეტად ბურავდა. მხატვარი, მთელი სხეულით თრთოდა, ნეტარებდა. ალბათ, ეს იყო ბედნიერება, ბედნიერება, განცდილი სულის თავისუფლებისგან. დღე კი, ხატავდა. სულ უფრო მცირდებოდა ტილოზე შტრიხები და იზრდებოდა ჯანღი ნისლისა. ბოლოს დახატა თავისი შედევრი – სრულყოფილება, ჰარმონია – სული მხატვრისა. 20 წელი საწოლის თავთან ეკიდა, ენანებოდა. ბოლოს შიმშილმა გასაყიდად გაატანინა.
მარჯვნივ – ლარნაკში ყვავილები, მყვირალა ფერებში შესრულებული, მკვეთრად გამოხატული კონტურებით, მხოლოდ ჩარჩოს ზომით რომ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მარცხნივ – ძველი თბილისის უბნები, აუცილებლად ეკლესიის ფონზე – მეტეხი, ნარიყალა, რიყე, მამადავითი… და მათში ჩაკარგული ნახატი – შორიდან ნისლი, ახლოდან ჯარი გადღაბნილი შტრიხებისა… მის დასანახად, საჭირო იყო განსაზღვრული დისტანცია, მანძილი, რომელზე შორსაც, მხოლოდ თეთრი ნისლი მოსჩანდა, ხოლო ახლოს – უაზროდ გადღაბნილი კონტურები. მხოლოდ საჭირო დისტანციაზე ხდებოდა სასწაული – სურათი ცოცხლდებოდა – ხეზე ფოთოლი შრიალს იწყებდა, ცაზე მზე ამოდიოდა, ბაღში, სკამზე ჩამომჯდარი, თეთრ კაბაში ჩაცმული გოგონა, მტრედს ააფრენდა, მტრედი ღრუბლებში უჩინარდებოდა… ვიღაც უცხოელმა იყიდა ნახატი. მხატვარმა გადათვალა 30 ლარი, როგორც იუდამ, გაყიდულ სულში აღებული 30 ვერცხლი… სახლში მილასლასდა, ტახტზე წამოწვა… ძილში ეწვია. მტრედი იყო, საწოლზე ჩამოუჯდა
– წამოდი, გავისეირნოთო! – უთხრა. არ შეშინებია. მტრედი გაიზარდა, გაიზარდა, ქეჩოში დაავლო კლანჭები და მაღლა აიტაცა. ღრუბლებში აიყვანა, აღარ დააბრუნა…
***
ორი წლის შემდეგ, უცნობი მხატვრის ნახატი – “გოგონა მტრედით”, ლონდონში, “სოთბის” აუქციონზე 1,200,000 ფუნტად გაიყიდა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button