ისტორიასაკითხავი

ნარგიზი და ეხო

მდინარის ღმერთის კეფისესა და ქალღმერთის ლეირიონის ვაჟიშვილი ნარგიზი იშვიათი სილამაზით იყო სახელგანთქმული მთელს დედამიწის ზურგზე. ყველანი, დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, თაყვანს სცემდნენ ნარგიზის კალმით აუწერელ სიმშვენიერეს. მთელი სულიერი და უსულო ბუნება იხიბლებოდა ყმაწვილის სილამაზით. მხეცნი, ფრინველთა გუნდნი, ტყე–ველები და თვალუწვდენელი პიტალო კლდეები მოწიწებით თავს უხრიდნენ სილამაზით სახელგანთქმულ ახალგაზრდას და ნეტარების ფიალას ეწაფებოდნენ ყმაწვილის დანახვაზე. ნარგიზი კარგად ხედავდა თავისი სილამაზის სიდიადეს და ამიტომაც ძალიან მოჰქონდა თავი, მეტისმეტად ამაყობად. ნარგიზის გარეგნობას მომხიბვლელი შინაგანი სიმშვენიერე და გულწრფელობაც რომ თან შეზრდოდა, ახალგაზრდა ყმაწვილის გულში სიამაყის მაგივრად სიყვარულსა და სათნოებას უფრო ფართო ადგილი სჭეროდა, ნარგიზზე უბედნიერესი ახალგაზრდა ძნელად თუ სადმე მოიძებნებოდა. ერთხელ ნარგიზი კითერონის უზარმაზარი მთის კალთებზე ნადირობდა. დაბურული ტყის მიდამოებში ნარგიზს თვალი მოჰკრა ქალღმერთმა ეხომ და დანახვისთანავე ყმაწვილის სილამაზით ერთიანად მოიხიბლა. ქალღმერთი კვალდაკვალ გამოუდგა ყმაწვილს. ეხოს მგრძნობიარე გულში თანდათან უფრო იღვიძებდა ყმაწვილის სიყვარული, ქალღმერთს სულითა და გულით სწადდა გამოლაპარაკებოდა ნარგიზს, მაგრამ ვერ ახერხებდა. ქალღმერთს ჰერას ეხო ოდესღაც რაღაც დანაშაულისათვის დაესაჯა. ეხოს პირველად არავისთან არ შეეძლო გამოლაპარაკება, ხოლო თუ ვინმე ლაპარაკს დაუწყებდა, გაჩერებას ვერ ახერხებდა. ეხოს სულითა და გულით სურდა სიყვარულის კილოთი გამოლაპარაკებოდა ნარგიზს, მაგრამ აბა როგორ უნდა მოეხერხებინა, როცა პირველად გამობაასება არ შეეძლო. ახალგაზრდა ყმაწვილმა ნადირობის დროს ტყეში გზა დაკარგა და თანმხლებლებს შესძახა: „არის ვინმე აქა?“ – „არის ვინმე აქა?“ – გაისმა დაუყოვნებლივ პასუხად ქალღმერთის ეხოს ხმა. ნარგიზი გააკვირვა ასეთმა პასუხმა. „აქეთ!“ – კვლავ განაგრძო ნარგიზმა „აქეთ!“ – უპასუხებს იდუმალი ხმა. – „რათა მდევნი?“ – ხმამაღლა ეკითხება ნარგიზი. – „რათა მდევნი?“ – ჰაერში გაისმის იდუმალი ხმა. – „თვალთ დამენახეთ, დავძმობილდეთ!“– განაგრძობს განცვიფრებული ახალგაზრდა. – „თვალთ დამენახეთ, დავძმობილდეთ! – ლმობიერად და სიყვარულის კილოთი უპასუხებს ისევ იგი იდუმალი ხმა. ამ სიტყვებთან ერთად ქალღმერთი ეხო ნარგიზის წინ წარსდგა და სიყვარულის გამოცხადების ნიშნად ხელები ლმობიერად გაუწვდინა ყმაწვილს. – „შორს, შორს!“ – დაუყოვნებლივ შესძახა ნარგიზმა ქალღმერთს: „უმალ სიკვდილს ვარჩევ და შენ კი არ დაგიძმობილდები!“ –„არ დაგიძმობილდები!“ – განიმეორა ქალღმერთმა და დარცხვენილი ფეხაკრეფით ტყის ამწვანებულ ფოთლებში მიიმალა. ნარგიზის სიამაყით აღსავსე გულმა გადაჭრით უარჰყო ქალღმერთის უსაზღვრო მეგობრული სიყვარული. ამ დღიდან დარცხვენილი ეხო იმალება თვალუწვდენელ ტყესა და განმარტოებულ გამოქვაბულებში. მართალია, ნარგიზმა თუმცა ზიზღით უარყო ქალღმერთის მეგობრული სიყვარული, მაგრამ ეხოს ნარგიზი მაინც თავდავიწყებით უყვარს, ნარგიზისათვის ქალღმერთი თავს გასწირავს, ყმაწვილის სახელის ხსოვნას ყველაფერს, თვით სიცოცხლესაც კი, ანაცვალებს. სწუხს ქალღმერთი ნარგიზის ასე შეუბრალებლად, ასე უხეშად მოპყრობას, აუტანელი მწუხარება დღითიდღე უღრღნის გულს. ქალღმერთის სილამაზემ, სიმშვენიერემ და ახოვანმა ტანადობამ წინანდელი ელფერი დაკარგა. ქალღმერთი მწუხარებისაგან ერთიანად ჩამოხმა, მთელი სხეული და მშვენიერი პირისახე შემოაჭკნა, შერჩა მხოლოდ ძველებური ხმა და მარტოდმარტო ძვლები. ქალღმერთის ხმას წინანდელი სიძლიერე არ დაუკარგავს. ქალღმერთის ეხოს ძვლები კლდედ გარდაიქცა. ამჟამად ეხოს ცხოველმყოფელი ხმა მხოლოდ ტყისა და გამოქვაბულთა სივრცეში შეგიძლიათ გაიგონოთ. ქალღმერთის ხილვა შეუძლებელია, ხოლო მისი ძლიერი ხმის გაგონება მსურველს ადვილად შეუძლია. უგულო ახალგაზრდა ნარგიზის სიყვარულისა და ყურადღების ღირსი ყოვლად შემძლებელი ქალღმერთებიც კი ვერ გახდნენ. ამაყი ნარგიზის გულს სიყვარული არ ათბობდა, იგი ყველას ზიზღის თვალით უყურებდა. საბრალო ეხოს გარდა სილამაზით სახელგანთქმული მრავალი ქალღმერთიც უნუგეშოდ იხიბლებოდა ნარგიზის განუსაზღვრელი სიყვარულით, მაგრამ ამაყი ახალგაზრდა ყმაწვილის გული სიყვარულის ნაზსა და სათუთ სხივებს არ აჟღერებდა. ერთხელ ნარგიზი გელიკონის მთაგრეხილებზე ნადირობდა. მთელი დღის განმავლობაში ყველაფერს ალმური ასდიოდა. დაღლილ–დაქანცული ნარგიზი მთის მოჩუხჩუხე წყაროს წააწყდა და მხურვალედ დაეწაფა ანკარა წყალს. ნარგიზმა მთის წყაროს სიღრმეში დაინახა კალმით აუწერელი ლამაზი ყმაწვილი. ყმაწვილმა თვალი თვალში გაუყარა მშვენიერ ახალგაზრდას და მხოლოდ ახლა იგრძნო სიყვარულის ცხოველმყოფელი მანუგეშებელი ძალა. ნარგიზი თვალს ვერ აშორებდა ანკარა წყაროს სიღრმიდან ნაზად მომზირალ ყმაწვილს. ნარგიზის მთელი არსება იხიბლება, იგი დღეს ბედნიერია, ნარგიზი პირველად გრძნობს სიყვარულის საოცნებო სითბოს, ფრთებშესხმული ახალგაზრდის მგრძნობიარე გული სიყვარულის ნაზმა, სათუთმა სხივებმა დაიმონეს, ურყევლად დაიმორჩილეს. ნარგიზი გაგიჟებით შეჰყურებს ახალგაზრდა ყმაწვილს, ჰსურს ერთბაშად გადაეხვიოს, გადაჰკოცნოს მეგობრულად, დასტკბეს მისი ცქერით. ნარგიზი ერთი წუთითაც ვერ შორდება მთის მოჩუხჩუხე წყაროს, განუწყვეტლივ შეჰყურებს ანკარა წყლის სიღრმეს და სულ იმას ცდილობს საოცნებო პირისახეს თვალი არ მოაშოროს. ნარგიზი დღედაღამ გიჟივით თავს დასცქერის მთის ანკარა წყაროს, ძილი სულ ერთიანად გაუტყდა, ჭამის მადაც დაეკარგა. საბრალოს წყლის სიღრმეში ვარსკვლავივით მოციმციმე საუცხოო ყმაწვილი უყვარს მთელი თავისი არსებით, უყვარს უსაზღვროდ, ის კი ფიქრადაც არ მოსდის, რომ ანკარა წყლის სიღრმაში თავისივე პირისახეს ეალერსება, ეთაყვანება. – „ჩემო ხატო, ჩემო ღვთაებრივო ქმნილებავ!“ – სიყვარულის კილოთი ლმობიერად ჩასჩურჩულებს ანკარა წყაროს ნარგიზი: „განა ვერა ხედავ ჩემს უსაზღვრო მწუხარებას! განა ასე ძნელია დასტოვო შენი მყუდრო ბინა და შენს თაყვანისმცემელს მეგობრულად ხელიხელს მომცე და სულიერად დამიკავშირდე! თვალუწვდენი ზღვის სივრცე და უზარმაზარი მთის კალთები ხომ არ გვაშორიშორებენ, ჩემო უსაყვარლესო ქმნილებავ, ჩემო სანატრელო და საოცნებო ღვთაებავ! განა ვერა ხედავ, მთის ანკარა წყლის მცირე ნაკადი გვაშორიშორებს! ამოდი ჩემთან, ჩემო მშვენიერო ჭაბუკო, და დასტკბი ჩემი მოხდენილი სილამაზით! შენც ხომ მშვენიერებაზე უმშვენიერესი ხარ! შენს კეთილგანწყობილებას კარგად ვგრძნობ და არ ვცდები, რომ ჩვენ შორის მჭიდრო მეგობრობის ხიდია გადებული. როცა მე ხელებს გიწვდი ლმობიერად, შენც ხომ ხელებგაშლილი მეგებები! მე ვიცინი, ვიღიმები, – შენც იცინი და იღიმები! მე ვტირი, ცრემლებს ვაფრქვევ, – შენც სტირი და თვალთაგან ცრემლების ნაკადული გადმოგჩქეფს! შენს ყოველ მიხვრა– მოხვრაში მეგობრულ და ამხანაგურ გულწრფელ განწყობილებას ვხედავ! დიახ, მეგობრულ განწყობილებას! სიყვარულის ცხოველმყოფელ ძალას პირველად გრძნობს ჩემი გული! მაგრამ ვაგლახ, ვგონებ, ჩემი სათაყვანო გმირი თვით ჩემი პირისახის გამოხატულებაა ანკარა მთის მოჩუხჩუხე წყაროს სიღრმეში! დიახ, ვგონებ, კიდევაც არ ვცდები! ვაგლახ, რომ ჩემი თავის სიყვარულის მეტი არ შემძლებია!“ ნარგიზი დიდხანს და დიდხანს ეჩურჩულებოდა ამ სიტყვებით თავის სათაყვანო გმირს და დღითიდღე უსმელ–უჭმელი, სრულიად უძილო თანდათან სუსტდებოდა და ძალღონეს, მხნეობასა და გამჭრიახობას კარგავდა. ნარგიზი კარგად გრძნობდა, რომ სიკვდილის აჩრდილი უახლოვდებოდა, მისი სიყვარულით აღგზნებული გულის ძგერა შეწყდებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოჩუხჩუხე მთის წყაროს თავს გიჟივით დასცქეროდა და ერთი წუთითაც თვალის მოშორებას ვერ ახერხებდა. ბოლოს და ბოლოს, სრულიად დაუძლურებული, გონებამიხდილი და ძალღონეს მოკლებული ნარგიზი სასოწარკვეთილებით ჩამოშორდა საბედისწერო მთის წყაროს და თავისი მრავლად ტანჯული სული იქვე მობიბინე ხავერდისფერ ბალახებში განუტევა თავისი თავის ასე უსაზღვროდ ტრფიალების შემდეგ. მთელი სულიერი და უსულო ბუნება დაამწუხრა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში სიყვარულით აღგზნებული ჭაბუკის სიკვდილმა. ტყის ნადირნი, ფრინველთა გუნდები ყველანი ერთხმად დასტიროდნენ ახალგაზრდა ვაჟის სიცოცხლის უდროოდ მოწყვეტას და ცხარე ცრემლების ღაპაღუპით დედამიწას გულამოსკვნით ასველებდნენ. მაღალი ხეების მწვერვალნი მწუხარედ დასცქეროდნენ საბრალო ნარგიზის გაცივებულ გვამს და გულსაკლავად ცრემლების ნაკადულს აფრქვევდნენ. უზარმაზარი პიტალო კლდეები საერთო მწუხარებას სამგლოვიარო ბანს აძლევდნენ და საერთო ფერხულში განუწყვეტლივ იცრემლებოდნენ. მწუხარებით მოცულია მთელი ის მიდამო, საცა ჭაბუკმა აბიბინებულ ბალახებს შორის უკანასკნელად სამუდამოდ დახუჭა თვალი. საბრალო ჭაბუკის განმარტოებულ საფლავზე აღმოცენებულია თეთრფოთლებიანი, უსიცოცხლო სილამაზით შემკული ნარგიზის ყვავილი, რომელიც მწუხარებით თავს დასცქერის ჭაბუკის დაობლებულ სავანეს და თავის უსაზღვრო გულისტკივილს უზიარებს იქვე ლამაზად მოჩუხჩუხე ანკარა მთის წყაროს.

ელინური მითები

მოთხრობილი ალ. მიქაბერიძის მიერ

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button