აშშ იაპონიის უნივერსიტეტებს უკრძალავს ჩინეთთან სამეცნიერო შრომების გაცვლასა და თანამშრომლობას
იაპონური გამომცემლობა Nikkei-ს ინფორმაციით, იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო ამზადებს ახალ სპეციალურ ნორმატივებს ეროვნული უნივერსიტეტებისთვის, რომლებითაც მოხდება სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლითი პროგრამების კვლევის რეგლამენტირება. ეს ზომები დაკავშირებულია შემდეგთან: აშშ აპირებს ხელი შეუშალოს წამყვანი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაჟონვას 14 სფეროში, მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, გეოპოზიციონირება, მიკროპროცესორები, რობოტექნიკა, მონაცემთა ანალიზი, კვანტური კომპიუტერები, ტრანსპორტი და 3D-ბეჭდვა. ეს ყველაფერი არ უნდა მოხვდეს ჩინეთში ან სხვა ქვეყანაში.
ინფორმაციის წყარო აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში იაპონიის სამეცნიერო დაწესებულებებში გაიზარდა ერთობლივი კვლევების მაჩვენებელი, რომლებშიც შედის აშშ-ის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების მეცნიერთაგან შემდგარი ჯგუფები. ამ ფაქტმა ვაშინგტონი შეაშფოთა. შიშობენ რომ არ მოხდეს კვლევის შედეგების გაჟონვა მესამე მხარისკენ. ამასთან, იაპონიაში უკვე არსებობს ნორმატივები, რომლებითაც ხდება იმ სამეცნიერო შრომების რეგლამენტირება, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო სფეროსთან, მაგალითად, რადარების სისტემასთან. ნორმატივებში ახალი შესწორებები შევა მიმდინარე წელს და მნიშვნელოვნად გაფართოვდება კვლევის სფეროთა ჩამონათვალი, რომლებშიც დაუშვებელი იქნება უცხო ქვეყნების წარმომადგენლების ჩართულობა.
იაპონური წყაროები მიიჩნევენ, რომ ახალი ნორმატივები ნეგატიურად იქნება მიღებული იაპონიის მეცნიერთა სფეროში და სხვა ქვეყნების სპეციალისტებს შორისაც. ეს ფაქტი განსაკუთრებით საკვირველია იმის ფონზე, რომ აშშ-ის სამეცნიერო შრომებში ბოლო წლებში მასიურად იქნა ჩართული უამრავი ჩინური, სამხრეთკორეული, ინდური და ახლო აღმოსავლური გვარების მქონე პირები. აშშ აგრეთვე შეზღუდავს იმ მეცნიერებსაც, რომლებიც ვერ გაუძლებენ უცხო ქვეყნებიდან გრანტების მიღების ცდუნებას.