ახალი ამბებიკოსმოსიტექნოლოგია

იაპონური ზონდი Hayabusa-2 ასტეროიდ რიუგუს დაბომბვას 5 აპრილს დაიწყებს

იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტომ (JAXA) განაცხადა სამომავლო გეგმების შესახებ, რომელიც კოსმოსური აპარატის, Hayabusa-2-ის მისიას ეხება. ხსენებულმა აპარატმა გასულ თვეში მიაღწია ასტეროიდ რიუგუს და აიღო მისი გრუნტის ნიმუშები. როგორც ცნობილი გახდა, მომდევნო თვეში JAXA აპირებს ჩაატაროს საკმაოდ სარისკო ოპერაცია – ასტროიდს ესროლოს ფეთქებადი ჭურვი, რათა მის ზედაპირზე კრატერი წარმოიქმნას და შესაძლებელი გახდეს ზედაპირის ქვეშ არსებული გრუნტის ნიმუშების აღება და გამოკვლევა.

მეცნიერების აზრით ამ ნიმუშების ანალიზი დიდ სინათლეს მოჰფენს ჩვენი მზის სისტემის ისტორიას.

იაპონიის კოსმოსურ სააგენტოში განმარტავენ, რომ Hayabusa-2-მა 5 აპრილიდან ასტეროიდს უნდა ესროლოს ბეისბოლის ზომის 2 კილოგრამიანი ფეთქებადი იმპაქტორი. გარკვეული დროის შემდეგ კი კოსმოსური აპარატი შეაგროვებს ასტეროიდის სიღრმეში არსებულ გრუნტს, რომელიც არ მოქცეულა კოსმოსური და მზის გამოსხივების გავლენის ქვეშ.

ოპერაციის მსვლელობისას, ჭურვის სროლის შემდეგ, კოსმოსურ აპარატს მოუწევს ძალიან სწრაფად გადაინაცვლოს ასტეროიდის საპირისპირო მხარეს, რათა აფეთების შემდგომ კოსმოსში გამოტყორცნილი ნასხლეტებით არ დაზიანდეს. Hayabusa-2-ის მისიის ხელმძღვანელი ტაკანაო საეკი აღნიშნავს, რომ „ოპერაცია საკმაოდ რთული იქნება“.

როგორც კი აპარატი რიუგუს მეორე მხარეს გადაინაცვლებს, იგი გაგზავნის სპეციალურ კამერიან მოდულს, რომელიც გადაიღებს მომხდარს. ასტეროიდის მეორე მხარეს Hayabusa-2 რამოდენიმე კვირას დარჩება, შემდეგ კი აფეთქების ადგილზე დაბრუნდება, რათა განახორციელოს წარმოქმნილი კრატერის დათვალიერება-გამოკვლევა.

ოპერაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე Hayabusa-2 დაიწყებს ასტეროიდთან მიახლოებას 20 კილომეტრის სიმაღლეზე. შემდეგ კი ესვრის ფეთქებადი ნივთიერებით სავსე იმპაქტორს, რომელიც ასტეროიდს დაეჯახება 2 კმ/წმ სიჩქარით.

სააგენტო JAXA იმედოვნებს, რომ შეძლებენ შექმნან 10 მეტრი დიამეტრისა და 1 მეტრი სიღრმის კრატერი. ხოლო თუკი ასტეროიდი უფრო მყარი გრუნტისგან შედგება, კრატერი უფრო პატარა გამოვა.

სააგენტო გეგმავს წარმოქმნილ კრატერში მოათავსოს ზონდი, მაგრამ თუკი ამგვარი ოპერაცია საფრთხისშემცველად იქნება მიჩნეული, მასზე უარს იტყვიან. ხოლო თუკი მსგავსი რამ მაინც განხორციელდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ასეთი ზედაპირის მქონე ობიექტიდან აღებული იქნება მიწისქვეშა ნიმუშები.

დაგეგმილია, რომ Hayabusa-2 კოსმოსურ მისიას დაასრულებს 2019 წლის ბოლოსკენ. შეგროვებული გრუნტის ნიმუშებს იგი დედამიწაზე 2020 წლის ბოლოს ჩამოიტანს სამომავლო ანალიზისათვის.

ასტეროიდმა სახელწოდება მიიღო იაპონური ფოლკლორიდან – ზღაპარი მეთევზე ურაშიმა ტაროზე, რომელმაც მოინახულა ჯადოსნური წყალქვეშა სასახლე რიუგუ-ძიო – ზღვის სტიქიის მბრძანებელი დრაკონის – რიუძინას სამფლობელო. იქიდან მეთევზემ წამოიღო საიდუმლო ყუთი, რომელიც ზღვის მბრძანებლის შვილმა აჩუქა. ასტეროიდისთვის სახელის შერჩევისისა მკვლევარებმა ჩათვალეს, რომ ზღაპრის სიუჟეტი იკვეთება ზონდ Hayabusa-2-ის მისიასთან – წამოიღოს დედამიწაზე მისი გრუნტი, რომლის შემცველობაც უცნობია.

ასტეროიდ რიუგუს დიამეტრი დაახლოებით 900 მეტრია. მისი ორბიტა იმყოფება დედამიწისგან 300 მილიონი კილომეტრის დაშორებით.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close