ახალი ამბებიტექნოლოგია

ბილ გეითსი ხელოვნურ ინტელექტს ბირთვულ იარაღს ადარებს

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი, მილიარდერი და ფილანთროპი ბილ გეითსი ხელოვნურ ინტელექტს მეტად საკამათო ტექნოლოგიად მიიჩნევს, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია კაცობრიობისთვის მოიტანოს როგორც სარგებელი, ასევე ზიანი. სტენფორდის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე გეითსმა ხელოვნური ინტელექტი ბირთვულ იარაღს შეადარა. მისი აზრით, ადამიანებმა ხელოვნური ინტელექტი უნდა განავითარონ უფრო მშვიდობიან სფეროებში, მაგალითად განათლებასა და მედიცინაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა კაცობიობა უბედურების წინაშე აღმოჩნდეს.

„მსოფლიოში ჯერ არასდროს არსებულა ამდენი ისეთი ტექნოლოგია, რომლებიც ერთდროულად მრავლისმომცემიცაა და მეტად საშიშიც“ – განაცხადა გეითსმა და მოიხსენია ატომური ენერგია, როგორც ერთ-ერთი სასარგებლო ტექნოლოგია, რომელიც აღმოჩენისთანავე უარყოფითი გახდა მის საფუძველზე ბირთვული იარაღის შექმნით. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ იმ სფეროებში, სადაც ხელოვნურ ინტელექტს კაცობიობისთვის ღირებული სარგებლის მოტანა შეუძლია, რეალური შედეგები ჯერჯერობით ძალიან მწირია. მისი აზრით, მედიცინა და განათლება – ეს ის სფეროებია, სადაც ხელოვნური ინტელექტი დიდ დახმარებას გაუწევდა კაცობრიობას.

„ეს არის შანსი – სოციალური მეცნიერებები ახალ დონემდე ამაღლდეს და ყველაფერი უნდა დაიწყოს ყველაზე უმთავრესით – განათლებით“ – აღნიშნა გეითსმა, რომელიც უკვე მრავალი წელია მღელვარებას გამოხატავს იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც პოტენციურად გააჩნია ხელოვნურ ინტელექტს.

ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპის დაჩქარებამ, ნეირონული ქსელების მხარდამჭერმა ტექნოლოგიამ, ადამიანის ტვინის იმიტაციამ უკვე მოახდინა გადატრიალება ტექნოლოგიის სფეროში. ამჟამად ხელოვნური ინტელექტი და ნეირონული ქსელი ბევრგან გამოიყენება: დაწყებული ადამიანთა იდენტიფიკაციის ბიომეტრიული სისტემიდან – დამთავრებული ელექტრონულ ფოსტაში ანტი-სპამ ფილტრებით. თუმცა გეითს არ სურს, რომ ხელოვნური ინტელექტისგან მიღებული უპირატესობით სარგებლობდნენ მხოლოდ ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიცაა Amazon, Google და Facebook.

გეითსმა ტექნოლოგიის გამოყენების ერთ-ერთ დადებით მაგალითად დაასახელა ამერიკული კერძო ბიოტექნოლოგიური კომპანია 23andMe-ს შემთხვევა. იგი დაკავებულია გენეტიკური მონაცემების ანალიზით. გეითსის თქმით,ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ კომპანიას საშუალება მისცა განესაზღვა კავშირი მიკროელემენტ სელენის უკმარისობის კავშირი აფრიკელი ქალების ნაადრევ მშობიარობასთან. უახლოესი 18 თვის განმავლობაში მკვლევარები გაარკვევენ, საჭირო თერაპიული პროგრამა როგორ გაამართლებს პროგნოზებს 20 ათასი აფრიკელი ქალის შემთხვევაში.

„მოსალოდნელია, რომ მიღებული ზომების წყალობით 15%-მდე შემცირდება ნაადრევი მშობიარობის მაჩვენებლის დონე, რაც ჯამში მოგვცემს დაახლოებით 80 ათასი სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას და ეს მხოლოდ აფრიკის მაჩვენებელია“ – დაამატა გეითსმა.

რაც შეეხება განათლებას, გეითსი იმედოვნებს, რომ ხელოვნური ინეტელექტის მეშვეობით შეიქმნება უფრო ეფექტური მეთოდები სწავლებისთვის.

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენ პრაქტიკულად ვაიგნორებთ განათლების სამოტივაციო ასპექტებს. არ ვცდილობთ შევიმუშავოთ პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება სტუდენტების ინტერესის ამაღლებისა და სწავლით გატაცებისკენ. არადა ამგვარი რამ დაგვეხმარებოდა განათლების სისტემის გაუმჯობესებაში და შეამცირებდა სწავლის მიტოვების მსურველთა რიცხვს“ – აცხადებს გეითსი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად არსებული, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემების მოქმედება საკმაოდ გაურკვეველია – „მეტად მაწუხებს არსებული პროექტების უმეტესობის გაუმჭვირვალობა, რომლებიც მიმართულია ღრმა მანქანური სწავლების სისტემების განვითარებისაკენ“.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button