პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის?

  • ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის,
    რა სიბნელეში სდგას ცეცხლის სვეტი? –
  • ეს ამ გულიდან სიმღერა იძვრის
    და თან მოჰყვება მას სისხლის წვეთი.
  • ეს რა შავბნელი კვამლი მოედო,
    რა ბურუსები მოაქვს რგოლებად?
  • ეს შენს სიმღერას და სისხლს, პოეტო,
    თან მოსდევს წყევლა და დაბრკოლება.
  • ეს რა გრიგალმა დაიწყო ძრწოლა,
    რა ჟრუანტელი წყვდიადს აწუხებს?
  • ეს შენი ისმის სიმღერის ბრძოლა,
    ბრძოლაზე ბრძოლით რომ უპასუხებს…
  • ეს რა ბრწყინვალე მზე ამოენთო,
    რა ჟრიამულმა გადაიჟღერა?
  • ეს სიმღერაა შენი, პოეტო,
    გამარჯვებული ბრძოლის სიმღერა!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button