პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ესპანეთი
გუგუნებს ესკადრილია,
გარშემო ღამის ჩრდილია,
ღრმა ძილში წევს სევილია –
მაგრამ ეს მწარე ძილია.
ღამის რაინდი ჩვეული,
შორსაა, ნისლში ხვეული,
მათთვის ახლოა რჩეული:
დგას ფრანკო ცოფ-მორეული.
ეს უცხოელთა გემია –
ნავსადგურს რომ მისცემია.
ის ამბობს: თუ ედემია –
ეს ესპანეთიც ჩემია.
ჰაერს რომ თეთრი ნავია –
უცხოელთ თვითმფრინავია,
მათი განზრახვა შავია,
მათი სტუმრობა მწვავეა.
ესპანურ ტანისამოსით
და ფაშისტური ნამუსით
ირევა, როგორც ქაოსი,
ცხოვრება იმ მიდამოსი.