პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ეჭვი
აუსრულდა სიოს ნატვრა,
ის ყვავილთა ვნებით დათვრა;
გაფითრებულს
ვარსკვლავთ კრებულს
სევდიანი მისცა კითხვა,
თუ სოფელი, ვით ცივი ზღვა,
რად კანკალებს,
რად ვალალებს,
რატომ სწამლავს ყოფნის რისხვა?
დაქანცული იდგა ფიჭვი,
ხორცზე იჭვი, სულზეც იჭვი,
ოცნების წუთს
ფრთხილს და სათუთს,
უშხამავდა შესაზარი, –
და ფიქრობდა, თუ რათ არი,
ქვეყანა რომ
უგრძნობმა დრომ
დააბერა უსაფარი?
სიო მისწვდა სევდის წალკოტს,
ზედ დააკვდა ფიჭვის ნაზ ტოტს.
და ფიქრის დროს
ობოლ წყაროს
სევდიანი მისცა კითხვა,
თუ სოფელი, ვით ცივი ზღვა,
რად კანკალებს,
რად ვალალებს,
განა არ სჯობს –
შეგვიყვაროს?