გალაკტიონ ტაბიძე – კრიზისისაგან თავის დაღწევა
ის კრიზისისგან თავის დაღწევას
იმპერიალისტურ ომებით ფიქრობს,
თვალს არ აშორებს საშინელ მიკრობს,
მითი მსოფლიოს ფიქრობს წაქცევას.
დრომ დაჰკრა და გული ამოწვა,
რას დაეუფლები?
მრისხანე ღრუბლები ჩამოწვა,
მრისხანე ღრუბლები!
ყოველი ჩარჩის და არამზადის
სახსარია თუ შესაძლებლობა,
უნდება მხოლოდ ომის სამზადისს
და სამზადისის ლაფში ეფლობა.
გაისმის ზარის ხმა და ლოცვა
ფაშისტურ შუბლებით.
მრისხანე ღრუბლები ჩამოწვა,
მრისხანე ღრუბლები!
მაგრამ მძლე ომის საშიშროების
გაზრდასთან ერთად იღვიძებს კლასი, –
მუშათა რაზმი ათას-ათასი,
მტერი ომისთვის ქმნილ მყუდროების.
დრო მოვა და როცა, და როცა
გაბედვენ წურბლები –
იგრძნობენ: ღრუბლები ჩამოწვა,
მრისხანე ღრუბლები!
და მღელვარე ხმა მრისხანედ ისმის:
ფაშიზმის დროშა ძირს, საზიზღარი!
იგი ომია, ძირს, მოსისხარი,
ძირს ეს ბინძური დროშა ფაშიზმის.
რა ჟლეტა დადგება, რა ხოცვა,
რა თავისუფლებით –
მრისხანე ღრუბლები ჩამოწვა,
მრისხანე ღრუბლები!
და ყველა ხმებში ყველაზე უფრო
ერთი ხმა არის ძლიერი წყნარად,
ეს: ჩვენი ქვეყნის ხმა სასაუბრო,
დაუძლეველი მარად და მარად.
დრო არის მგზავრები ჩამოსვა
ამინდთ ალუბლებით.
მრისხანე ღრუბლები ჩამოწვა,
მრისხანე ღრუბლები!