პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ლეგენდარული შენი დიდება ..
ლეგენდარული შენი დიდება
მე მაჯადოებს გადამეტებით,
მაგრამ მე იგი არ მეზიდება
ხელაღებით და თავგამეტებით.
რაა დიდება? ეს იგივეა,
რაც აღელვებულ ზღვების ხმაური,
მისი ნამდვილი გული ცივია,
გული კი გზაა და მეზღვაური.
იგი რუპორის არის ხაზგასმა,
მაგრამ თანაბრად იზრდება ლანდი,
ჯერ წმინდა ნიჭი, დიდი ფანტაზმა,
შემდეგ საბირჟო პრეისკურანტი.
მაგრამ თუ შენში არის გენია,
და ისიც კიდევ გაუგებარი –
ბრძოლაში ბედი არ გიწერია,
შენ არ მიგიღებს ბირჟა მყეფარი.