პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ლეგიონები
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
დამკვრელებს
ვაშა! სალამი!
ქართველი თუ ალჟირელი, –
მტრისათვის მწარე წალამი,
გუგუნებს კომკავშირელი.
- არა მორჩილი მონები,
არამედ შიშ-შთამგონები,
ამფეთქებლები მოდიან,
მოდიან ლეგიონები!
დამკვრელებს,
როგორც წესია,
ძმად არ წამთ უიმედონი.
ჩვენი მზე რიონჰესია,
ჩვენი გზა – რკინა-ბეტონი.
ასწი მკლავით და გონებით
ხუთწლედიანი ტონები:
აღმშენებლები მოდიან,
მოდიან ლეგიონები!
გმირული
ტემპით ვაშენოთ!
ვთესოთ! ავკრიფოთ! ვიღონოთ!
არ ვარგა, – გადავაშენოთ,
სხვა – კარგი გამოვიგონოთ!
არა მორჩილი მონები,
არამედ შიშ-შთამგონები,
შეჯიბრებისთვის მოდიან,
მოდიან ლეგიონები!
ხელდაკრეფილი
და მუნჯი
მოწმე არავის სჭირდება:
აქტივობაა საუნჯე,
როს მტერი აგიხირდება!
არა მორჩილი მონები,
არამედ შიშ-შთამგონები,
ჩვენს დასაცავად მოდიან,
მოდიან ლეგიონები.