პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს
ვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია.
მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია,
მატარებლის დამღალველი ხმაური,
რაღაც მღვრიე, რაღაც არ-აქაური.
მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
ყველაფერი სიზმარივით გათავდა,
რასაც გული სიყრმით დაიხატავდა.
მესმის რულში, ერთხელ გაიბზარა რა,
მატარებლის: რა-რა-რა-რა, რა-რა-რა.
არა – არას, მე მისმენდი მხოლოდ ჰო-ს,
მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
სარკმელიდან – მთების უბეში ნიავს
არვინ იტყვის: იყავ, ნუ გეშინია!
იყო ღამე, იყო უდაბნოეთი,
ოდეს მშვიდი და უცნობი პოეტი
თვითეულ ჩრდილს შევხაროდი, თითო რტოს,
და ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გაუმარჯოს იმ ატმის ყვავილებს!