
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მაღაროებში
ციკლიდან „ეპოქა“
შევედით ვიწრო გამოქვაბულში,
სადაც მზის შუქი ვერ მოატანდა
მალე მაღალი მემაღაროე
სანთლის კიაფში გადაილანდა.
მომყევით, – გვითხრა, და ჩვენ გავყევით.
ლოდები იდგა სულთამხუთავი,
აგერ მუშები და წერაქვები,
მრავალ სინათლედ ალი მბჟუტავი.
მქუხარედ, როგორც რევოლუცია,
გადმოდიოდა ქვები ლოდებად,
რომელთ ქვეშ მალე დაიმარხება
კაპიტალიზმის გაბოროტება.