
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მზემ ისრები შემართა ..
მზემ ისრები შემართა
და ღრუბლებში გარია;
მითხარ, რა დაგემართა?
მითხარ, რა გიხარია?
სავსე ნაზ და უმანკო,
მორცხვი დანაშაულის
გაიელვებს სახეზე
ელვა თურაშაულის.
რა ლამაზად გიხდება
შუა-გადაყოფილი
ყორნისფერი ნაწნავი,
მკერდზე გადმოწყობილი.
შენ არც დედა გყოლია,
შენ არც მამა გინახავს,
მაგრამ შენი ცხოვრება
ბრწყინავს, მზისთვის გინახავს.