პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მისტერია წვიმაში

დღეს ნოტრ-დამთან (სნებიან
ფანტაზიის ნახატი!)
კალენკორის ფრთებიან
ანგელოზებს ნახავდი.

ღია ცის ქვეშ მტვერია,
კარებს აღებს მისანი
და მიდის მისტერია:
„ვნებანი უფლისანი“.

სცენა გამოხატავდა
სამოთხეთა შვენებას
და გარშემო ფანტავდა
რაღაც საშინელებას…

მაღლა ტიტანიური
იყო ღრუბელთ თეთრობა,
საიდანაც ციური
ეშვებოდა მხედრობა.

მარჯვნივ – უზარმაზარი
დევი მწვანე თვალებით,
კოშკი, როგორც ტაძარი,
ედგა ზურგზე ბრჭყალებით.

და კოშკის კბილებიდან
ცბიერი და ხელშმაგი,
როგორც შორი მთებიდან
იზრდებოდა ეშმაკი.

კოშკიდან კი დროდადრო
კრთოდა ცეცხლის ენები,
თითქოს ცეცხლმა დაათრო
ჯოჯოხეთის ფენები.

ირეოდა გალობა
შორი, ხმადაბუგული,
ორღანოთა მკრთალობა
და ზარების გუგუნი.

წაიშალა ეს გრიმი,
არცთუ ისე გმირული,
წამოვიდა რა წვიმა
ჩქარი, კოკისპირული.

ამინდი გაკვიმატდა,
დამამ ქოლგა გაშალა,
წვიმამ უფრო იმატა –
მისტერიაც ჩაშალა.

და შემდეგ კი (სნებიან
ფანტაზიის ნახატი!)
კალენკორის ფრთებიან
ანგელოზს ვერ ნახავდი.

მაღლა ტიტანიური
გაჰქრა ღრუბელთ თეთრობა,
საიდანაც ციური
ეშვებოდა მხედრობა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button