პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მიდიოდა თეთრის ჯარი
ზღვის ნაპირად გულდამწვარი
მიდიოდა თეთრის ჯარი,
ცაზე ოქროს სარტყელია
და მინდორზე ოქროს ცვარი.
აჰა, ზღვიდან ნაპირებზე
ამოეშვა ზენა-ქარი,
ცხრა ჭადრის შტო დაარხია,
ცხრად გაშალა მისი მხარი.
ჩრდილი დადგა საამური,
დაბურული, ნაზი, წყნარი
და იმის ქვეშ შეგრილდება
მიმავალი თეთრის ჯარი.
მთით ანკარა წყარო მოდის,
ცივი, როგორც ნაყინარი,
მზე სამ სამხრეზე რომ დადგა,
გაიშალა მთების კარი –
გადმოეშვა წითლების ზღვა,
როგორც რკინის ნიაღვარი.
სეტყვად რომ ცხვარს დააცხრება
შეშინება და თავზარი,
წინ თეთრი თხა (მის სახელი
იუდაა მოსისხარი)
გარბის და მას თან მიჰყვება
ცხრა ათასი სული ცხვარი.
წინ ზღვა არი, ზურგით წითლებს
ვერ აკავებს ვერრა ზღვარი,
ზღვას გასცქერის თეთრი, როგორც
ფარა ხრამის პირად მდგარი.
ჯერ თეთრი თხა გადაეშვა
და მას მიჰყვა მთელი ცხვარი,
ეხლა საზღვარგარეთიდან
იღრინება საზიზღარი!