პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მრავალ შეხვედრით

მრავალ შეხვედრას, ახალგაზრდებო!
სიახლით მკვეთრით
უძლეველ ცოდნის არე გასწვდება
მრავალ შეხვედრით.

რევოლიუციის მხარდამხარ ბრძმედნი
დგანან, ვით დრონი –
იგი დარვინი, ის არქიმედი
და ნიუტონი.

ჯერ არნახული დროის ხმებიდან
მიდის ეს წელი,
ჩვენი ეპოქის მწვერვალებიდან
თუ შენ შესძელი –

წინსვლა შრომის და მეცნიერების
გონით, მარჯვენით,
თქვენ გაიმარჯვებთ, როგორც შეგფერისთ,
სრულ გამარჯვებით.

კაცთა ჭეშმარიტ ამ გამარჯვების,
კაცთა გენიის,
კაცთა სიკეთის სადარაჯოზე,
ვით გამთენიის –

მზედ სდგას ეპოქა, ყოფნა აზრდება
ბედნიერ ხვედრით,
მრავალ შეხვედრით, ახალგაზრდებო,
მრავალ შეხვედრით!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button