პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მწვანე ზოლი მთის
მზე მოელვარე, ლაჟვარდი ცა, მწვანე ზოლი მთის
დღის მოკამკამე მშვენებაში თრთის.
გრილი ნიავი მწვანე ბუჩქებს, დაბურულ ბაღებს,
ცისფერ ყვავილებს, მინდვრის ბალახებს
სძრავს, აცახცახებს.
ნორჩთა მცენარეთ მსუბუქ ორთქლით, ყვავილთა სუნით
შეზავებული სუნთქავს ეთერი
და გაზაფხულის პირველ სხივებს წყნარი ზუზუნით
სდევს უთვალავი პეპელა-მწერი,
შუქ-შუქად ადგას ყვავილთა მტვერი.
ქვებს და ბალახებს, სიმაღლიდან ჩამოწოლილ მზეს,
ხეებს და ტყეებს, საოცნებოს, რასაც კი ხედავს,
ხელის შეხება რისთვისაც ჯერ ვერ გაუბედავს –
ადამიანს სურს, რომ თაყვანისცეს.