პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – როგორც აჩრდილი

როგორც აჩრდილნი – დაღალულნი დავდივართ ქვეყნად
და არემარე, თვით ცის სივრცე მოსილა ბნელით.
ცისა დასავალს გავცქერივართ… უკანასკნელად
დღე იქ გაგვიქრა და ახალ დღეს კი აღარ ველით…
ვის შეუძლია, ბედნიერად რომ იგრძნოს თავი,
ან ჰაეროვან პეპლების გუნდს ვინ შეაჩერებს?
წუთი, რომელსაც სიხარულის ნაყოფი ჰქვია,
თავიანთ ფრთებქვეშ ბედნიერად ვის დააბერებს?
ახალგაზრდაა მეტისმეტად კაცთა იმედი
და მოხუცია საიმისოდ ეგ ჩვენი გული.
ოჰ, იყვეს აგრე… ბედი სწერდა ალბათ ამ სტრიქონს,
ბედი, უმიზნო ჩვენი ყოფით განდიდებული.
და თუ წამება გაჩენილა კაცთ ჯოჯოხეთად,
მე მსურს ეს ხვედრი, სევდიანი, თან წავიყოლო;
ვიცი, ბოლო აქვს ქვეყანაზე ყოველგვარ სახეს,
მაგრამ წამებას, ჩემს წამებას კი არ აქვს ბოლო;
მე ვეძებ მასში თავისებურ ბედნიერებას,
იგი სავსეა ძლიერებით, ვით ცეცხლის ქურა…
რომ კვლავ შეეძლოს განმიახლოს ძლევის სიმღერა,
რაც სინამდვილემ წამართვა და გამინადგურა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button