
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – საგურამოს ჭიჭინობელა
მარიობისთვის სიცხევ,
მზერით დამწველო გულის,
შენ გადარბევას იწყებ,
ხოდაბუნის და ხნულის.
მაგრამ რად დამავიწყე
შენი ჩაკონვის წყურვილს,
მარიობისთვის სიცხევ,
მზერით დამწველო გულის;
მარიობისთვის სიცხევ,
მზერით დამწველო გულის.
მზით გაიჟღენთა სივრცე
მინებებული სურვილს.
დასაბამიდან მიწყივ –
გავარვარება რულის.
მარიობისთვის სიცხევ,
მზერით დამწველო გულის.
ჭიჭინობელავ, იწყე
ძველი სიმღერა რულის:
მარიობისთვის სიცხევ,
მზერით დამწველო გულის.
მარიობისთვის სიცხევ,
მზერით დამწველო გულის:
ო, ერთხელ მაინც მითხარ:
შენთან შეხვედრა მწყურის.