
გალაკტიონ ტაბიძე – სადღაც დარჩა, შორს, სტოკჰოლმი ..
სადღაც დარჩა, შორს, სტოკჰოლმი,
მჭლე გლეხობა, ფიორდები.
ისევ დავფიქრდები ხოლმე:
ჩემს სამშობლოს ვერ ვშორდები.
იქ თვლა არ აქვთ ამანათებს,
სიუხვეა და სიმღერაც
კოლმეურნის ოჯახს მატებს
სიხალისეს ფერად-ფერადს.
სხვათა მოჯამაგირობით
რომ სწყევლიდა ბედისწერას,
თავისუფალს, თავის შრომით
ბედს აწვდიან ფერად-ფერადს.
მშრომელს საბჭოთ ქვეყანაში
ვერ დააკლებს მტერი ვერას,
ათასობით ითვლის სახლში
გამარჯვებებს ფერად-ფერადს.
სიხარულით იწყავს ხორბალს,
გოგრებს, მწვანილს და ჩხავერას,
ატრიალებს ღერძი ბორბალს
მხიარულს და ფერად-ფერადს.
დრო მიდამოს აკამკამებს,
შეძლებული სხივით ფერავს
პიანინოს, ფარდებს, დგამებს
და ხალიჩებს ფერად-ფერადს.
და ითვლიან აწ თვითეულს,
როგორც ნანატრ რამე ბგერას,
დღეებს, როგორც ამ ჩითეულს,
საამურს და ფერად-ფერადს!
სადღაც დარჩა, შორს, სტოკჰოლმი,
მჭლე გლეხობა, ფიორდები,
ისევ დავფიქრდები ხოლმე:
ჩემს სამშობლოს ვერ ვშორდები.