ქართული გვარები

სვანიძე ( ქართული გვარ – სახელები )

ფუძე: სატომო სახელი სვანი. სვანიძე ეთნონიმური ტიპის გვარსახელია.

ძირი: მრავალძირიანი გვარი. სვანეთიდან ბარად ჩასახლებულ სხვადასხვა წარმოშობის სვანებს სხვადასხვა დროს სვანიძეობა გაუგვარდათ.

ბუდე: სვანიძეთა მრავალძირიან გვარს ბუდე-პირველსაცხოვრისიც მრავალი აქვს. ყველაზე მეტნი რაჭის და ლეჩხუმის სვანიძეები არიან.

წარმომავლობა: სვანიძეთა ერთ-ერთი გამრავლებული შტო წარმოშობით სვანეთის სოფელ კალადან ყოფილა. გადმოცემით, ამ შტოს წინაპარი გვარად ხარძიანი ყოფილა.

შთამომავლობა: სვანიძეების უმრავლესობა გლეხები იყვნენ: საბატონონი, საეკლესიონი, სახასონი. იმერეთის და რაჭის სვანიძეთა რამდენიმე ოჯახს აზნაურის წოდება ჰქონდა.

ხსენება: 1568 წლის იმერთა მეფის გიორგი II-ის გელათისადმი შეწირულობის სიგელში იხსენიება იმერეთის სოფელ ცხუკურში მცხოვრები სახასო გლეხი სვანიძე ხუტუნაი, რომელიც საეკლესიო გლეხი გამხდარა.

1578 წლის ქუთაისის საყდრის მებეგრეთა დავთარში იხსენიებიან: სოფელ ბაშს მცხოვრები ქრისტესია და მაშუტია სვანიძეები და სოფელ ჭყვიშს მცხოვრები გოგნია სვანიძე. ესენი საეკლესიო გლეხები ყოფილან.

XVII-XVIII საუკუნეთა სოციალური შინაარსის საბუთებში სვანიძეები ჩანან: ლეჩხუმში თავად ასათიანთა და ახვლედიანთა მამულებში, რაჭაში თავად ერისთავთა მამულში, იმერეთში თავად ნიჟარაძეთა, ამირეჯიბთა და საეკლესიო მამულებში, ზემო სამეგრელოში დადიანთა მამულში, გურიაში თავად ნაკაშიძეთა მამულში.

ამავე პერიოდის საბუთებში გვხვდებიან აზნაური სვანიძეები იმერეთში და რაჭაში თავად წულიკიძეთა მამულებში.

მსახურება: ღმერთისა და საქართველოსთვის სვანიძეთა გვარის მეომრები გლეხნი – კომლზე კაცად და აზნაურნი – ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ, მემარცხენე და მემარჯვენე სადროშოებში, აგრეთვე მთავარ გურიელთა და დადიანთა დროშებს ქვეშ.

განსახლება: სვანიძეები ცხოვრობენ: ლეჩხუმში, რაჭაში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, ქართლში, კახეთში, ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან ცაგერის და წყალტუბოს რაიონებში.

ოდენობა: ამჟამად სვანიძეთა საერთო რაოდენობა 6000 სულს აჭარბებს.

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button