![გალაკტიონ ტაბიძე საკაცე, ჩანთა, აირწინაღი](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2024/02/გალაკტიონ-ტაბიძე-საკაცე-ჩანთა-აირწინაღი.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე საკაცე, ჩანთა, აირწინაღი
აგერ სწრაფმა სანიტ-რაზმმა
მიაშურა სანგრებს წინა.
მოქნილია, როგორც თასმა
და მაგარი, როგორც რკინა.
ფიცითაა მინაღები
საჭურველი ხელოვანთა,
ბანდი, აირწინაღები,
საკაცე და აბგა-ჩანთა.
ჭრილობების არის ხვევა,
გულმედგარი ებრძვის აირს –
როს ტყვიების არის რყევა –
და ქუხილი არყევს ჰაერს!
და ტრიალებს გაქანებით
მათი მძლავრი და მრავალი
თვითმფრინავი, მანქანები,
გემები თუ ორთქლმავალი.
რა დიდია მათი გრძნობა,
რა გულმტკიცე, რა მდიდარი,
სიცოცხლეთა გამოხმობა,
გამარჯვების საწინდარი.