განხილვა

სტუმარ-მასპინძელი – ანალიზი

ნაწარმოების დასაწყისში ჯოყოლას და ზვიადაურს შორის თითქოს კონფლიქტი უნდა წარმოიშვას, მაგრამ ასე არ ახდება და ეს ერთადერთი არშემდგარი, ჩანასახშივე ჩამქრალი კონფლიქტია ამ სასტიკი კონფლიქტებით სავსე პოემაში. ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“-ს ანალიზი

კონფლიქტის თავიდან აცილება ჯოყოლას დამსახურებაა. მოულოდნელია გულისხმიერება და სულის სიუხვე, – ჯოყოლასთვის ყოველი ადამიანი, მისი ეროვნების და სარწმუნოების მიუხედავად, უპირველეს ყოვლისა სწორედ ადამინია. მისთვის ზვიადაური არ არის მტერი უბრალოდ იმის გამო, რომ ის ხევსურია. იგი ხევსურთა მთელ მოდგმაში მტრებს აპრიორულად არ ხედავს და ეს უჩვეულოა იმ სამყაროში, რომელშიც ამა თუ იმ საზოგადოების სიმტკიცე უწინარესად ,,მტრის ხატზეა” დამყარებული. ამით განიარაღებული ზვიადაური დაყვება ჯოყოლას ნებას და დიდ რისკს სწევს, სტუმრად მიდის თავისი მტრების ბანაკში.
ქისტურ თემში ნებისმიერი ხევსურის სტუმრად მიყვანა, თუნდაც ის ქისტების გამორჩეული მტერი არ იყოს, უცნაური, გამომწვევი საქციელია. როგორც ჩანს, თავისი ამგვარი არაორდინალურობის გამო ჯოყოლას თემთან ადრეც რთული ურთიერთობა ჰქონდა, ის თემისთვის ადრეც ძნელად დასამორჩილებელი ადამინი იყო (მოგვიანებით თემი მასზე ამბობს: ,,წინად ხომ ბევრჯელ აგვრია”). ეს არის იმის მიზეზი, რომ თემი თავიდანვე არ ენდობა მას, ინიღბება, ხრიკებს მიმართავს მასთან ურთიერთობაში. თემს და ჯოყოლას შორის ადრევე არსებული დაძაბულობა ზვიადაურის გამო იფეთქებს, მწვავე კონფლიქტში გადაიზრდება.

ჯოყოლას ადამიანური ბუნების სირთულე ჩანს იმ მორალური გრძნობების მრავალგვარობაში, რომლებიც მას ზვიადაურთან აკავშირებს მათი ხანმოკლე, მაგრამ ღრმა ურთიერთობის საფუძველზე. სიმპათიის და ახლობლობის, სულიერი ნათესაობის გრძნობის გარდა ეს არის მოვალეობის გრძნობა – მან უნდა უზრუნველყოს ამ ადამიანის ხელშეუხებლობა, რომელიც თავისთან სტუმრად თვითონ წაიყვანა. ეს არის თანაგრძნობა, სიბრალული: ჯოყოლას უმძიმს იმის ხილვა, როგორ ჯაბნიან ბევრნი ერთ, უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს (,,უიარაღოს აწვალებთ, გული რასა ჰგრძნობს თავადა”); ეს არის სირცხვილის გრძნობა – ჯოყოლას რცხვენია ზვიადაურის თავის თანატომელთა ქცევის გამო, მითუმეტეს არ სურს თვითონ შეელახოს ღირსება ზვიადაურის თვალში, რაიმე ისეთი გააკეთოს, რაც ზვიადაურის წინაშე მორალურად დააკნინებს.

ნაწარმოებში ყველაზე დიდი ზნეობრივი განსაცდელის პირისპირ ჯოყოლა აღმოჩნდება. ამ განსაცდელმა მას შეიძლება დააკარგვინოს ის, რაც უძვირფასესი აქვს: პიროვნული სახე, ღირსება, შინაგანი თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ჰუმანურობა. მთელი სამყარო იმისკენ უბიძგებს ჯოყოლას, რომ გაწიროს ზვიადაური, ყველაფერზე მეტად კი ის, რომ თუ ასე მოიქცევა, სოციალური მორალის თვალსაზრისით მართალი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ზვიადაურმა მოატყუა, თავისი ვინაობა დაუმალა. მაგრამ არჩევანის გაკეთებისას ის ემორჩილება მხოლოდ საკუთარ, ინდივიდუალურ-პიროვნულ ზნეობას, ყურს უგდებს მხოლოდ საკუთარი სინდისის, ღირსების გრძნობის, ადამიანურობის უღრმეს ხმას და გადარჩება როგორც ზნეობრივი პიროვნება.

ჯოყოლა ზნეობრივ გამოცდას უძლებს მაშინაც, როცა აღაზა უმხელს, რომ ზვიადაური დაიტირა (აღაზასაც იმიტომ უჭირს ამის გამხელა, რომ ზვიადაური ჯოყოლას ძმის მკვლელია და დანამდვილებით არ იცის, როგორ შეაფასებს ქმარი მის ქმედებას). აღაზას აღსარებაზე ჯოყოლას პასუხში არსებითია ის, რომ ჯოყოლა – დამოუკიდებელი და ღირსეული პიროვნება – პატივს სცემს მეორე ადამიანის დამოუკიდებლობას და ღირსებას, არ იჭრება მის შინაგან, ინტიმურ სამყაროში, აღიარებს მის თვითმყოფადობას (,,მე რა გამგე ვარ მაგისა?”). მკაცრი, უხეში სამყაროს მკვიდრი, მტკიცე, შეუპოვარი ჯოყოლა ამასთანავე შინაგანად ფაქიზია, დახვეწილია. მისთვის სულის სიმაღლე და სიძლიერე ზოგადადამიანური სიქველეა და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ და რა ვითარებაში ავლენს მას. ამიტომ მიიჩნევს ბუნებრივად, რომ აღაზამ ზვიადაური დაიტირა (,,დიაცს მუდამაც უხდება გლოვა ვაჟკაცის კარგისა”).
ჯოყოლას პასუხში ჩანს მისი ღრმა სივარული აღაზასადმი, რადგან ჭეშმარიტი სიყვარულის ერთ-ერთი ნიშანი საყვარელი ადამიანის თავისუფლების აღიარებაა. ჯოყოლა რომ ბოლომდე არ იჯერებს შინ დაბრუნებული აღაზას ნაამბობს, ეს არ არის ცოისადმი მისი უნდობლობის გამოხატულება – მას სურს, რომ აღაზას სავსებით გულახდილი იყოს მის მიმართ, არაფერს უმალავდეს და ერთმანეთის წინაშე სრული გულახდილობის, სიწრფელის ეს მოთხოვნილებაც ღრმა სიყვარულის ნიშანია.

სულიერი სიღრმით და სიფაქიზით, ისევე როგორც პიროვნული ავტონომიით და საკუთარი პრონციპებისთვის თავის გაწირვის უნარით, ჯოყოლა ახლოსაა ალუდა ქეთელაურთან, თუმცა ალუდას შინაგანი სამყარო მაინც უფრო რთულია, მტკივნეული ფიქრით, აზრით უფრო მდიდარია. ალუდა დიდ სულიერ ცვლილებებს განიცდის, ახალ რელიგიურ და ეთიკურ ფასეულობებს მიაკვლევს, რასაც ჯოყოლაზე ვერ ვიტყვით – ის, რომ მოწინააღმდეგე ეთნოსის წარმომადგენლები ,,რჯულძაღლები” და არაადამიანები არ არიან, რაც ალუდამ ძლიერი შინაგანი ძვრების შედეგად აღმოაჩინა, ჯოყოლასთვის თავიდანვე და თავისთავადვე ცხადია. ჯოყოლას ადამიანური არსი კი არ იცვლება, არამედ ვლინდება დაძაბულ სიტუაციებში.

სულის სირთულის, სიფაქიზის მიუხედავად ჯოყოლა მონოლითური პიროვნებაა, რომელსაც ბოლომდე მყარად სწამს საკუთარი პოზიციის სისწორე თემთან კონფლიქტში. მისგან განსხვავებით აღაზას შინაგან ძალასთან ერთად ქალური სისუსტეც ახასიათებს, ის უფრო მეტად არის დამოკიდებული სხვების, საზოგადოების აზრზე, რაც მისი სახის მხატვრული სიმართლის და ინდივიდუალურობის საყრდენია. აღაზა თავისთავში ატარებს თემის ცნობიერებას, მის თვალთახედვას და ამ თვალთახედვითაც აღიქვამს და აფასებს საკუთარ ფიქრებს, განცდებს, ქმედებებს. თემის შიში, თემის წინაშე სირცხვილი მას თავისი შინა სამყაროს სიღრმიდან ეძალება და ტანჯვას, ფანტასმაგორიის სახეს იღებს და ასე ატყდება თავს. მისი სულიერი თავისუფლება, მოკლული ზვიადაურისადმი მისი თანაგრძნობა და მზრუნველობა მით უფრო ნამდვილი და ფასეულია, რომ ხორცს ისხამს დიდი შინაგანი წინააღმდეგობების გამოვლის, კონფლიქტების გადატანის ხარჯზე. აღაზას საშინელი მარტობა, მის მიერ თავისი საქციელის მონანიება, ამ სათუთი არსების უმწეობა და სასოწარკვეთა ავი, მრისხანე და ულმობელი სამყაროს პირისპირ, რომელსაც მდინარის საზარელი ხატი ასახიერებს, ყველაფერზე უფრო მტკივნეულად გვაგრძნობინებს ამქვეყნად ჰუმანისტური ღირებულებების და იდეალის ტრაგიკულ განწირულებას. პოემის პერსონაჟთა შორის ყველაზე მრავალფეროვანი ემოციების, გრძნობების აღმძვრელი აღაზას სახეა – ეს არის არამარტო სომპათია, პატივისცემა, აღტაცება, თანაგრძნობა, არამედ მწვავე სიბრალული და დანანებაც. აღაზას მეტაფორული ხატია უფსკრულის პირას ამოსული პირიმზე – ცხოვრების სისასტიკე განადგურებით ემუქრება ფაქიზ ადამიანურობას, კეთილშობილ, მშვენიერ ადამიანურ გრძნობებს და მისწრაფებებს.

თუ ჯოყოლა და აღაზა ძნელი ზნეობრივი არჩევანის წინაშე დგებიან – როგორ მოექცნენ კაცს, რომელიც მათ ოჯახში სტუმრად მიიღეს, ის კი მათი უახლოესი ადამიანის მკვლელი გამოდგა, ზვიადაურის წინაშე მარტივი არჩევანია – გარდაუვალი სიკვდილის პირისპირ სიმტკიცის შენარჩუნება ან სულიერი დაცემა. რეალურად ასეთი ალტერნატივა ზვიადაურისთვის არც არსებობს. იმისთვის, რომ საშუალება არ მისცეს თავის მტრებს, არამარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც მოკლან, მას მხოლოდ ის სჭირდება, იყოს ვინც არის – ძლიერი, უშიშარი, მტრის მოძულე მეომარი. შესაძლოა, ზვიადაურს შინაგანი ძალა და გამძლეობა შემატა ჯოყოლას თავგანწირულმა ერთგულებამ მის მიმართ; სხვა რომ არაფერი იყოს, იგი ჯოყოლას ვერ ჩამორჩება ვაჟკაცურობაში, მის თვალში ვერ შეირცხვენს თავს. ზვიადაურის სახე ყველაზე ჰეროიკულია ნაწარმოებში, ჰეროიკა მასში აშკარად მეტია ტრაგიზმზე.
ზვიადაურის სიკვდილის ეპიზოდში უფრო რთულად გამოიკვეთება მასის სახე, რომელიც ჯოყოლას ოჯახზე თავდასხმისას ერთმნიშვნელოვნად წარმოჩნდება როგორც აგრესიული, შურისძიების ჟინით შეპყრობილი ბრბო. ზვიადაურის მსხვერპლად შეწირვის სცენაში ვლინდება, რომ ქისტთა თემისთვის მტრის სიძულვილი, მტერზე შურისძიება უზენაესი და შეუვალი ეთიკურ-რელიგიური კანონია (,,მაგრამ მტერს მტრულად მოექე, თვითონ უფალმა ბრძანაო”) და მისი შეუთავსებლობა ჰუმანურ პრინციპებთან შეადგენს კიდეც ნაწარმოების გამოუვალ, ტრაგიკულ კონფლიქტს.

ამ სცენაში მასა აგრესიის და შურისმაძიებელობის გარდა მტრის ვაჟკაცობის დაფასების და თავისი ქმედების გამო სინანულის განცდის უნარსაც ავლენს. მაგრამ იგი ადვილად იხშობს კეთილშობილ იმპულსებს იმით, რომ საკუთარ თავში კვლავ მტრის სიძულვილის აღვივებს – ვაჟა ხედავს, რომ მასას ზნეობრივი განწმენდა და გარდაქმნა, სინდისის კარნახიტ არსებობა არ შეუძლია, ეს შეუძლია ავტონომიურ პიროვნებას; ხოლო მასა ამგვარ პიროვნებათა ზეგავლენის წყალობით თუ განიცდის სასიკეთო ზნეობრივ ცვლილებას. ზვიადაურის მოკვლის ეპიზოდი ცხადყოფს დიდი, დესტრუქციული ფიზიკური და ფსიქიკური ძალით აღჭურვილი მასის უძლურებას თვითმყოფადი და ღირსეული, შინაგანი პრინციპების მქონე პიროვნების წინაშე.

თვითმყოფად პიროვნებათა ღრმა თანაზიარობის და ერთგული სოლიდარობის უმაღლეს ფასეულობდ დასახვა ,,სტუმარ-მასპინძელს” გენეტიკურად ,,ვეფხისტყაოსანთან” აკავშირებს. ,,სტუმარ-მასპინძელში”, ისევე როგორც რუსთაველის პოემაში, ეთნიკური განსხვავებულობა ხელს არ უშლით ადამიანებს, სწრაფად გადალახონ სიუცხოვე იმის წყალობით, რომ ერთბაშად გრძნობენ სსულიე ნათესაობას ერთმანეთთან და ერთმანეთისთვის შეუცვლელად ძვირფასები ხდებიან. ,,სტუმარ-მასპინძელს” ფინალში ტრაგიკული კუთხით გარდატეხილი, ამქვეყნად განუხორციელებელი სახით წარმოდგება ადამიანთა საყოველთაო, უნივერსალური სოლიდარობის და სიყვარულის იდეალი, რომელიც ,,ვეფხისტყაოსანში” ხორცშესხმულ და ძლევამოსილ რეალობად გვევლინება. ვაჟას პოემის ფინალური ხილვის მიღმა – აღაზა ჯოყოლას და ზვიადაურს სუფრას უშლის, მასპინძლობს – თითქოს მოჩანს, როგორ უმასპინძლდება ასმათი ტარიელს და ავთანდილს.

Source
https://mevarabiturienti.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button