პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ოჰ, სად, სადაა მისი საფლავი ..

ოჰ, სად, სადაა მისი საფლავი!
გემუდარებით, მაჩვენეთ ჩქარა…
მე ის მიყვარდა, ის კი, ოცნება,
სამარადისოდ თვალს მიეფარა!
შორს ვიყავ მისგან და ეხლა მასზე
მოგონებები ჩემთვის არ კმარა,
გამოვეშურე უცხო ქვეყნიდან,
რომ მომესმინა ან ჰო, ან არა!
ის სამუდამო საფლავს მიეცა,
იგი დაშორდა მშობლიურ ბაღებს.
ჩავძახებ მას ხმას სიყვარულისას,
მაგრამ ის პასუხს არ ამომძახებს.
ია თან მიმაქვს, ვარდიც თან მიმაქვს,
თან მიმაქვს ჩემი სპეტაკი გული,
ვერ დავივიწყო იგი ვერასდროს
მიწათ ქცეული და დაკარგული!..
დეე, ზვირთებმა მთლად დაამსხვრიოს
უილაჯო და ობოლი ნავი…
რაა უმისოდ სიცოცხლე ჩემი?
ოჰ, სად… სადაა მისი საფლავი!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button