![გალაკტიონ ტაბიძე ტუია](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2023/11/გალაკტიონ-ტაბიძე-ტუია.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ტუია
მწვერვალთან, სადაც ჰყვავის ტუია,
დგეხარ – ცისფერი.
საღამოვდება და სიყრუეა
მოპირისპირე.
ასე – ტუია და ცა უსივრცო
სულს ეხამება –
ასე არასდროს არ დაივიწყო
ეს შეღამება.
ასე – სავსეა ღამის ფიალა
სიცოცხლე, მიწა.
ასე – ტუიამ გაიშრიალა,
და გაიღვიძა.
ასე – ცისკარმან მიმოაფინა
ვარდი თუ ია.
და კვლავ ახალი სიცოცხლის წინა
დგეხარ, ტუია.