
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რაც უფრო შორს ხარ
რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი – როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, –
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული –
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.