
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე სამშობლოს
სამშობლოს წინსვლა გასაკვირველი,
მზის მხურვალება გარს რომ ავლია,
აი, პირველი, აი, პირველი –
რის სიყვარულიც მე მისწავლია.
შენს გამარჯვებას, ჩანგო, მოველი!
ოჰ, შენთან დღენი ჩემნი წარვლიან,
მედგარი ბრძოლა! აი, ყოველი,
რის სიყვარულიც მე მისწავლია.
გავშლი ძვირფასი ლექსების კონებს:
რა სიუხვეა! რა სიმრავლეა!
გადამასწავლოს – ნურავინ ჰგონებს –
რის სიყვარულიც მე მისწავლია!