პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე საქართველოს ვარსკვლავი

დღეს საქართველოს
აქვს დიადი დღესასწაული.
ჩვენ მოელვარე
სიშორეში მივეშურებით
და არ ვივიწყებთ
წარსულს, სავსეს უბედურებით.
და გვახსოვს ყველა,
ვინაც ჩვენთვის გასწირა თავი,
ვინაც წამებით
მომავალი შეჰქმნა უკვდავი.
ჩვენს გულში დარჩა
მათი ხსოვნა, ხსოვნა დიადი.
უკვდავი იყოს
ქვეყანაზე ხსენება მათი.
რომ მარჯვედ სცემდა
მათი გული, მათი მხარ-მკლავი,
ბრწყინავს, ანათებს…
მშვენიერი ბრწყინავს ვარსკვლავი.

დიდი ხანია,
რაც ვიპოვეთ ქვეყნად სამშობლო,
რაც მორჩილების
მხრიდან მხარემ გადაუხვია
გზებისკენ, სადაც
გამარჯვება და სიუხვეა.
ჩვენ აქ გვინახავს,
ჩვენ გვინახავს მზის მრისხანება
და გაზაფხულის
ქარტეხილთა ახმოვანება.
ტანჯვა და შვება
დაბადების, აღორძინების,
ჩვენი ფრთოვანი
საუკუნის გამოვლინების.
ჩემო სამშობლოვ,
მოიცილე შენ მღრღნელი ჟანგი.
თავისუფალი,
შენს სიმართლეს ჟღერს მგოსნის ჩანგი.

მთებსა და ველებს
მზის თვალები ეალერსება,
გულუხვ შვენებას
უხვ ნაყოფით უბე ევსება.
ოქროს-ფერდება
ჯეჯილები ვაზის მტევნებში,
ვით ათასფერი
ცისარტყელა ბაღთ შადრევნებში,
ნაპერწკლოვანი
სიხარულის ღვინო ისხმება,
მასში სიმღერა
ქართველური იგულისხმება.
მისკენ მიიწევს
კმაყოფილი ცხოვრების მზერით,
ვერდაჩაგრული
წინანდელი სუსხით ძლიერით.
ბედნიერებათ
სვლა-ამაყი დაიძრა ზვავი,
ბრწყინავს, ანათებს,
მშვენიერი ბრწყინავს ვარსკვლავი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button