
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე სდუმს არემარე ..
სდუმს არემარე,
ზეციდან მთვარე
უხვად სხივს აფრქვევს დანამულ მდელოს.
მიჰქრის ნიავი,
რომ მომხიბვლელი
ვარდს კოცნა უძღვნას და ააცრემლოს.
*
ბაღში ნაკადის
ზვირთი ზვირთზე ხტის,
ვაზი ობოლი ირხევა, კრთება
და იქვე გაშლილს
ნაზად ზრდილ ყვავილს –
„არ შემიყვარებ?“ – ეჩურჩულება.
*
მთების მწვერვალებს,
მინდვრებს და ჭალებს
მგოსანი მშვიდად უშტერებს თვალებს;
მარტოობას გრძნობს
და კრძალვით ფიქრობს:
„ვინ შევიყვარო? ვინ შემიყვარებს?“